საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმართება.

დღეს, 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე (ცენტრში) სამხედროებთან ერთად

გიორგი კვინიტაძე (ცენტრში) სამხედროებთან ერთად

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.

მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია და ქართული სამხედრო სკოლის დაარსება. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

კვინიტაძე მთავარსარდლის სტატუსით მეთაურობდა 1921 წელს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებს და არაერთხელ სძლია მათ. თუმცა, საბოლოოდ წითელ არმიასთან ბრძოლაში საქართველო დამარცხდა.

კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. სხვა ქვეყანაში სამხედრო სამსახური აღარ გაუგრძელებია. გენერალი 1970 წელს გარდაიცვალა. 2013 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.