ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით თვის ბოლოსთვის ისინი უკვე მზად იქნებიან მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები. ამის შესახებ მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კიევში გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

"ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში, პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, ვინც ბლოკი ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში არის გაერთიანებული. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე სამ დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს რომ გამეკეთებინა, მერწმუნეთ, ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ციხეში ყოფნის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც ამისთვის გამოვიყენე… ვფიქრობ, თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები", — განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა, რომლის შედეგებს საზოგადოება იხილავს. მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში 16 მაისს გაფრინდა.