დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჩინურ ვაქცინაზე საუბრისას თქვა, რომ "ზოგს მაზერატი მოსწონს და ზოგს პორშე, მაგრამ არის მანქანები, რომლებიც კარგად დადიან".

"ქვეყანამ თავის თავზე უნდა იფიქროს პირველ რიგში, ძალიან კარგია, როცა ელოდები რაღაც ბრენდებს. გასაგებია, რომ ზოგს მაზერატი მოსწონს და ზოგს პორშე, მაგრამ არის მანქანები, რომლებიც კარგად დადიან, არ არის ასე. უამრავი გამოცდილება დაგროვდა, უამრავ ქვეყანაში გამოიყენეს [ჩინური ვაქცინები], ასეულ მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინებით არა მარტო ჩინეთში, არამედ ჩინეთის გარეთაც", — განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისივე თქმით, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. სინოვაკის ვაქცინა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს.

სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისს დაიწყო, ვაქცინაცია კი, 24 მაისს დაიწყება.

სინოვაკს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, ჯერჯერობით არ აქვს. ჯანმოს ნებართვა უკვე მიიღო კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინა Sinopharm-მა.