საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

"მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს", — წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

Times Of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა და წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ინიციატივას ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის შესახებ, რომელიც მხარეებს ეგვიპტემ შესთავაზა. ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. Reuters-თან შეთანხმების მიღწევას ადასტურებდა წყარო ჰამასიდან.

თუმცა ამ ინფორმაციების გავრცელების პარალელურად ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დატვიტა, რომ სარაკეტო თავდასხმის გამო განგაშის ზარები ჩაირთო.

გარდა ამისა, 21 მაისს ისრაელის მედიის ცნობით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

როგორც The Guardian წერს, მოგვიანებით შეთანხმების მიღწევა ისრაელის პრემიერმინისტრის აპარატმა დაადასტურა. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საელჩომ ისრაელში დაპოსტა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაში 02:00 საათზე შევა.

7 მაისს ისრაელში შეტაკებები დაიწყო პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს ქვებითა და რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით უპირისპირდებოდა.

10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

11-დღიან სარაკეტო თავდასხმებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოყვა. გარდაიცვალა და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

გაიგეთ მეტი: