სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ბორჯომის ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები მე-4 დღეა გაფიცულები არიან. დღეს მათ თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ეს არის გამოწვეული სწორედ იმ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რასაც დამსაქმებელი აკეთებდა ამ ხალხთან მიმართებაში. რესურსი არის დიალოგი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შრომითი კონფლიქტები და ზოგადად, კონფლიქტები ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და სტაბილურობის გასაღები არის დამსაქმებლის ხელში", — განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაა.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა დასაქმებულთა დაყრდნობით აცხადებს, რომ მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ.

მათ გაფიცვას კომპანია IDS ბორჯომი პროფკავშირების ორგანიზებულ მიზანმიმართულ საბოტაჟის მცდელობას უწოდებს. მათივე თქმით, სამართლებრივ ჭრილში კონსტრუქციული დიალოგის თანამშრომლებთან გამართისთვის მზად არიან. IDS ბორჯომი ამტკიცებს, რომ მათი თანამშრომლების დიდ ნაწილს სამუშაო პროცესისთვის დაბრუნება სურს, თუმცა, მათივე თქმით, ქარხნების მუშაობის გაგრძელებას პროფკავშირების ლიდერებისა და სხვადასხვა აქტივისტის "უპასუხისმგებლო მოქმედებები აფერხებს".