გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საპატრიარქო ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში სპეციალურად არჭობს დიდ ჯვრებს და ისე ნიშნავს ტერიტორიებს, როგორც ცხოველები შარდით. ამის შესახებ მან On.ge-ის ინსტაგრამ ლაივში, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

"როგორც გარეული ცხოველები ნიშნავენ ტერიტორიას საკუთარი შარდით, ისე დადიან და ამ ჯვრებით ნიშნავენ ტერიტორიებს და აღიზიანებენ საქართველოს მოქალაქეებს", — ამბობს ჯაფარიძე.

მან მაგალითად მოიყვანა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, სადაც ჯაღმაიძემ ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად" მოიხსენია. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეკლესია ამგვარ კონფლიქტებს ახალისებს.

დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში პროდუქტს იღებდა, მაგრამ ფულს არ იხდიდა. 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. კონფლიქტის პირველ დღეს ათეულობით ადამიანმა ერთმანეთს ხელკეტებით სცემა. ეს გაგრძელდა მომდევნო დღესაც და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

17 მაისს, დმანისში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ადგილობრივებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

გაიგე მეტი: