გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვთა უფლებების მონიტორინგი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ ყველგან უნდა ხორციელდებოდეს. მათივე თანახმად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი საკუთარი ნების წინააღმდეგ ან სიღარიბის გამო მშობლებისგან განცალკევებული არ იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით, ამგვარი განცალკევება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეა საჭირო.

"ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილ ინსტიტუციებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს და გაძლიერდეს ალტერნატიული მომსახურებები დეინსტიტუციონალიზაციის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუციების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული სერვისებით თანდათანობით ჩანაცვლებას", — ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

"უპირველეს ყოვლისა, დეინსტიტუციონალიზაცია ბავშვზე მზრუნველობის ინსტიტუციურიდან ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლებას გულისხმობს. ამავდროულად, ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას უნდა შეეძლოს მონიტორინგი აწარმოოს ყველგან, სადაც ბავშვები არიან, რათა მათი უფლებები დაცული იყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია:

  • შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სახლების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვით ჩანაცვლება;
  • დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
  • ამასობაში, ბავშვთა ყველა სახლში უნდა დაიშვებოდნენ ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციები/უწყებები მონიტორინგისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსებული ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე უნდა დაწესდეს აქტიური მეთვალყურეობა, ასევე, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს გამოყენებული ღონისძიების შესაბამისობის/მიზანშეწონილობის საკითხიც;
  • უნდა დადგინდეს ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები, რაც საფუძვლად დაედება კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასა და პრევენციული და ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის შესახებ რეკომენდაციებს;
  • კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახის გაძლიერების, ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და ინსტიტუციურ მზრუნველობიდან გამოსულ ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით უნდა შემუშავდეს საზოგადოებრივი და ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებები, ასევე სოციალური დაცვის სხვა ზომები.

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.