26 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციას მოძრობა სირცხვილია აორგანიზებს.

"მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

26 მაისისთვის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 მოსამართლე წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5 წევრს აირჩევენ.