გაფრთხილება: ზოგიერთი მკითხველისათვის სტატია, შესაძლოა, შეიცავდეს სენსიტიურ მასალას.

თუ ფიქრობთ, რომ საუბარი ან/და დახმარება გსურთ, მიმართეთ პროფესიონალს ან შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი — სადაც შეგიძლიათ, კითხვა ანონიმურადაც დასვათ.

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას, განცხადებით, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულების შემდეგ მისი მენტალური მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა.

აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ოპრა უინფრისა და პრინცი ჰარის ახალი ერთობლივი გადაცემების სერიის — მე, რომელსაც ვერ ხედავ — პირველ ეპიზოდში ისაუბრა. სერია მენტალური ჯანმრთელობის სტიგმის დამსხვრევასა და საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ლედი გაგა ძალადობის მსხვერპლი 19 წლის ასაკში, მუსიკალური პროდიუსერის მხრიდან შანტაჟის საფუძველზე გახდა — უცნობი მას ნაშრომის დაწვით დაემუქრა.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, მომხდარიდან წლების შემდეგ, ტრავმის შედეგად, მას "სრული ფსიქოტური აშლილობა" ჰქონდა და "უკიდურესი პარანოიის მდგომარეობაში" იმყოფებოდა.

საკუთარი მუსიკალური კარიერის საწყისი ეტაპის გახსენებისას გაგამ ცრემლები ვერ შეიკავა.

პოპვარსკვლავი, რომელიც ახლა 35 წლისაა, აცხადებს, რომ მოძალადის სახელს არასდროს გაამჟღავნებს.

"მესმის #MeToo მოძრაობის არსი, მესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს შვებაა, თუმცა, არა — ჩემთვის", — ამბობს მომღერალი, — "არ მინდა, ამ ადამიანს ოდესმე ისევ გადავეყარო".

გაგამ მომხდარის შესახებ თავდაპირველად 2014 წელს ისაუბრა და პრობლემას საკუთარ სიმღერებში — Swine და 'Til It Happens To Youგამოეხმაურა. ეს უკანასკნელი ამერიკულ კამპუსებში სექსუალური ძალადობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საუნდტრეკი გახდა და 2016 წელს ოსკარზეც კი იყო წარდგენილი.

მომღერალი იმასაც აღნიშნავს, რომ ტრავმით გამოწვეული მენტალური პრობლემები წლების განმავლობაში ახსენებდა თავს, მათ შორის მაშინაც, როცა ფილმისთვის A Star Is Born, 2019 წელს ოსკარი მიიღო.

დასასრულს, პოპვარსკვლავმა აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელებისათვის ორნახევარი წელი დასჭირდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ერთი მცირედი მიზეზიც საკმარისი იყო, რომ ემოციური და ფიზიკური ტკივილი დაბრუნებოდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში "ამისგან თავის დაღწევა ისწავლა და ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა".