1995 წელს პრინცესა დაიანამ BBC-ის ჟურნალისტს სენსაციური ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან თავისი პირადი ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, ეს ინტერვიუ ჟურნალისტმა პრინცესა დაიანას მოტყუების ხარჯზე მოიპოვა.

BBC-იმ გამოძიება მას შედეგ დაიწყო, რაც პრინცესა დაიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა, განაცხადა, რომ 1995 წელს მას მოტყუებით აიძულეს დაიანასთვის ჟურნალისტი მარტინ ბაშირი გაეცნო.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრინცმა უილიამმაც გააკეთა და თქვა, რომ დედამისის ფსიქიკური ჯანმრთელობა იმ პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა და ეს ინტერვიუ უარყოფითად აისახა მათ ოჯახზე. "ინტერვიუმ დიდი როლი ითამაშა ჩემი მშობლების ურთიერთობის გაუარესებაში და ტკივილი მიაყენა უამრავ ადამიანს", — განაცხადა პრინცმა.

გამოძიების თანახმად, ბაშირმა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი ჟურნალისტი იყო, სპენსერს, ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, დააჯერა, რომ დაიანას სახელმწიფო დეპარტამენტიდან უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ.

"ბაშირი არაეთიკურად იქცეოდა და დაარღვია 1993 წლის ჟურნალისტური ეთიკის უამრავი პუნქტი", — ნათქვამია გამოძიებაში.

სპენსერი ამბობს, რომ იგი დაიანას სიკვდილს სწორედ ამ მოვლენებთან აკავშირებს. "მან არ იცოდა ვისი ნდობა შეეძლო, საბოლოოდ კი დაიღუპა. მას არავინ არ იცავდა", — ამბობს სპენსერი.

ინტერვიუში, რომელსაც 20 მილიონი ადამიანი უყურებდა, დაიანამ აღიარა, რომ ქმარს ღალატობდა და მათი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. ცნობილი ფრაზა: "ამ ქორწინებაში სამნი ვიყავით, ეს ზედმეტი ხალხმრავლობაა" — სწორედ ამ ინტერვიუში განაცხადა. იგი საუბრობდა იმ ფაქტზე, რომ პრინც ჩარლზს ურთიერთობა ჰქონდა კამილა პარკერ ბოულსთან, რომელიც ახლა პრინცის მეორე ცოლია.

ფოტო: Getty Images

წარმატებული ინტერვიუს შემდეგ მარტინ ბაშირმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საშუალება მიეცა უამრავი ცნობილი ადამიანისთვის ჩამოერთვა ინტერვიუ. მათ შორის იყო მომღერალი მაიკლ ჯექსონი.

როგორ გამოძიება იუწყება, ბაშირმა BBC-ის წარმომადგენლებს, არ გაუმხილა, რომ ინტერვიუს მოპოვება ტყუილისა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით მოახერხა. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით, უამრავი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ამიტომ BBC-ის წარმომადგენლებმა, ფაქტები დაამახინჯეს და სამხილები შეცვალეს, რათა ბაშირს პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა.

"BBC-იმ ვერ შეძლო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება", — ნათქვამია განცხადებაში.

ბაშირმა ბოდიში მოიხადა, ყალბი დოკუმენტების წარდგენისთვის, თუმცა დასძინა, რომ მისი აზრით, რომ ეს არ იყო დაიანას მხრიდან ინტერვიუზე თანხმობის მიზეზი.

კადრი პრინცესა დაიანასა და მარტინ ბაშირის ინტერვიუდან

ფოტო: BBC

გამოძიებაში აგრეთვე ნაჩვენებია დაიანას ხელნაწერი განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ არ ნანობს ინტერვიუს და ჟურნალისტ მისთვის ისეთი არაფერი უჩვენებია, რაც მან თავად უკვე არ იცოდა.

1995 წელს მომხდარი მოვლენების გამო BBC-ის წარმომადგენელმა ტიმ დევიმა პრინც უილიამს და სამეფო ოჯახს ბოდიში მოუხადა. "მიუხედავად იმისა რომ THE BBC მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ, დროს უკან ვერ დააბრუნებს, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რომ გულწრფელი ბოდიში მოვიხადოთ", — განაცხადა მან.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მარტინ ბაშირიმა სამსახური დატოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

პრინცესა დაიანას 1997 წელს პარიზში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, მას შემდეგ, რაც მის მანქანას პაპარაცები აედევნენ.