ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სხვადასხვა პარამეტრი მიანიშნებთ, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მარტში, ხოლო შემდეგ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და დაგეგმილ მაჩვენებელს — 4,3% არათუ მიაღწევენ, "დიდი ალბათობით", გადააჭარბებენ კიდეც. ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა.

"გასულ წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უარყოფითი ნიშნით, 6,1% შეადგინა ეკონომიკურმა ვარდნამ. სამწუხაროდ, იმავე ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში. იანვარში იყო 11,5% ეკონომიკის შემცირება, თებერვლაში 5,1%. თუმცა უკვე მარტში დაფიქსირდა ზრდა — 4% და შესაბამისად, საბოლოო ჯამში პირველი კვარტლის ეკონომიკური კლების მონაცემი არის -4,2%.

თუმცა მარტის შემდგომ კიდევ უფრო გაუმჯობესებული პარამეტრები გვაქვს აპრილში. რასაც წინასწარი მონაცემებით ვუყურებთ, საკმაოდ გზარდილია ექსპორტის მაჩვენებელი, დღგ-ს საწარმოთა ბრუნვები და სხვა პარამეტრები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო მარტში და საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენს დაგეგმილ მაჩვენებელს, რაც გვაქვს 4,3% ყველა ვარიანტში მივაღწევთ და დიდი ალბათობით, გადაჭარბება გვექნება, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე ბიუჯეტში იყო დაგეგმილი. თუმცა სწორი პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია. ერთი თვით მსჯელობა რთულია, მაგრამ მაისის მონაცემებსაც როდესაც ვნახავთ, უფრო ზუსტი მონაცემის თქმა იქნება შესაძლებელი", — თქვა მან.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდება. ეროვნული ბანკის გათვლებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება.