IPO (Initial Public offering) კომპანიის მხრიდან ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო შეთავაზებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც კერძო ფირმა საჯარო ხდება და საკუთარი აქციები გასაყიდად გამოაქვს. ეს პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც კომპანიის აქციების შესაბამისი ფასის განსაზღვრა მიმდინარეობს და კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც ფირმის წილებით ვაჭრობა იწყება.

როდესაც კომპანია IPO-ს აკეთებს, მისი აქციები პირველად ხვდება საჯარო ფასიანი ქაღალდების მენიუში. კომპანიის მიმართ, ამ დროს, როგორც წესი, მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიემართება, რაც ზოგიერთ ინვესტორს მისი აქციების ყიდვის მაცდუნებელ სურვილს უჩენს.

აქციებზე ფასის განსაზღვრა IPO-ს დროს

ფოტო: Pixabay / Pexels

მას შემდეგ, რაც კომპანია საჯარო ხდება და ბირჟაზე საკუთარი აქციების პირველად შეთავაზებას აკეთებს, ის ერთ ან რამდენიმე საინვესტიციო ბანკს ქირაობს, რომელიც აქციების საწყისი ფასის განსაზღვრაში ეხმარება. ამის შემდეგ, კომპანია ოფიციალურ დოკუმენტს გამოსცემს, სადაც მისი ბიზნეს მოდელი და განვითარების გეგმა დეტალურად გაიწერება.

ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ერთგვარი პრეზენტაცია, რომელსაც კომპანია მის მიერ დაქირავებულ საინვესტიციო ბანკებთან ერთად აკეთებს. აქ კომპანიის წარმომადგენლები ინვესტორებთან, ანალიტიკოსებთან და ფონდების მენეჯერებთან ფირმის ბიზნეს მოდელს განიხილავენ. ეს პროცესი კომპანიასა და მის პარტნიორებს აქციების საწყისი ფასის დადგენაში ეხმარება.

აქციებზე საწყისი ფასის დადგენის შემდეგ, კომპანია გამოსცემს ახალ აქციებს, რათა საფონდო ბირჟაზე განათავსოს. ფირმები საკუთარი წილების სანაცვლოდ ფულად სახსრებს იღებენ, რომლებსაც ინვესტორები მათ აქციებში აბანდებენ.

IPO-ს შემდეგ კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება. ამას უკვე მეორად ბაზარზე ვაჭრობას უწოდებენ, სადაც ინვესტორები ფასიან ქაღალდებს ყიდიან და ყიდულობენ.

რა ხდება IPO-ს დღეს?

აქციებში ფულის დაბანდება გარკვეულ რისკებსაც უკავშირდება, რადგან მათი ფასი შესაძლოა შემცირდეს, ან გაიზარდოს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ლისტინგის დღეს, როდესაც საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვება ხდება — ამას ფასიანი ქაღალდების სიაში შეტანის პროცედურასაც უწოდებენ. იმ კომპანიის აქციებით ვაჭრობა, რომელმაც პირველადი საჯარო შეთავაზება გააკეთა, ე.წ IPO ფასით იწყება, შემდეგ კი ამ ფირმის წილების ფასი მოთხოვნა-მიწოდებით პრინციპით დგინდება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორც წესი, 9:30 საათზე იხსნება. ინვესტორებს საბროკერო ფირმის გავლით ახალი კომპანიის აქციების შეძენა და გაყიდვა ვაჭრობის დაწყებისთანავე შეუძლიათ.

ახლად გამოშვებული აქციებით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკები

ფოტო: Gladson Xavier /Pexels

ისევე როგორც ნებისმიერი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობისას, რისკი ახლადნომინირებული აქციების ყიდვასაც უკავშირდება.

ზედმეტი ინტერესი არასტაბილურობის რისკებს ზრდის

როდესაც კომპანია აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO) აკეთებს, ის მედიისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ დროს, ვაჭრობის პირველ დღეებში, კომპანიის მენეჯერებისა და ბანკების წარმომადგენლების მხრიდან ზედმეტად პოზიტიური, ან ნეგატიური მოლოდინები ჟღერდება, რაც ფირმის აქციების ფასების არასტაბილურობას ხელს უწყობს. სწორედ ამ მიზეზით შესაძლებელია, რომ მცირე დროში კომპანიის აქციების ფასები მნიშვნელოვნად შეიცვალოს — გაიზარდოს, ან შემცირდეს.

მაგალითად, კომპანია Airbnb-ის აქციებით ვაჭრობა ბირჟაზე 2020 წლის 10 დეკემბერს 146 დოლარად დაიწყო. პირველი 5 დღის განმავლობაში ფასი 124 დოლარამდე ჩამოვიდა, ანუ 15%-ით დაეცა, ხოლო შემდეგი 5 დღის განმავლობაში ფასი 30%-ით, 163 დოლარამდე გაიზარდა. მსგავსი ვოლატილობა, ანუ არასტაბილურობა შეიძლება იმ ინვესტორებისთვის იყოს მომხიბვლელი, ვისაც მოგების მიღება სწრაფად სურს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი რისკის გაწევა ყველა ინვესტორისთვის რეკომენდებული არ არის.

საინვესტიციო ბანკებს აქციების ფასების მდგრადობის შენარჩუნება შეუძლიათ

IPO-ს მომდევნო დღეებში საინვესტიციო ბანკს მისი დამქირავებელი კომპანიის აქციების ფასების ვარდნისგან დაცვა შეუძლია. ამ დროს საინვესტიციო დაწესებულებები ახლადგამოშვებული კომპანიის წილებს ყიდულობენ, რითაც მათი დამქირავებელი ფირმის ფასიან ქაღალდებზე ფასის შენარჩუნებას ცდილობენ.

IPO ზოგჯერ სპეკულაციურ კომპონენტებსაც შეიცავს

რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის — არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ გაკეთებული აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება სპეკულაციურ კომპონენტებსაც შეიცავს. როგორც უკვე აღინიშნა, კომპანია განაცხადის გაკეთებისას სპეციალურ დოკუმენტს გამოსცემს, სადაც მისი ფინანსური მდგომარეობის, აქციების პირობების, რისკებისა და ბიზნეს მოდელის შესახებ არსებული ინფორმაცია არის მოცემული.

Direct Listing — აქციების გამოშვების კიდევ ერთი გზა

ფოტო: Essow / Pexels

როგორც IPO, ისე Direct Listing კომპანიის მიერ პირველად გამოშვებული აქციებით ვაჭრობას გულისხმობს, მაგრამ მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. თუ IPO-ს პროცესი საინვესტიციო ბანკების დაქირავებასა და საკონსულტაციო კომპანიების ჩართვას მოითხოვს, Direct Listing-ის დროს კომპანიები ინვესტორებთან ურთიერთობისას შუამავლებს არ საჭიროებენ.

Direct Listing-ის დროს კომპანიები ახალ აქციებს არ უშვებენ, არამედ ბირჟაზე უკვე არსებულ აქციონერებს (ინვესტორები, კომპანიის თანამშრომლები, კონტრაქტორები და ა.შ) საკუთარი აქციები გამოაქვთ. Direct Listing-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, კომპანიას არ უწევს საინვესტიციო ბანკების დაქირავების ხარჯების გაწევა. ამასთან, ახალი აქციების გამოშვებით არსებული აქციონერების ფასიანი ქაღალდები არ უფასურდება. ასევე, IPO-ს დროს აქციების შესყიდვისას ინვესტორებს ეს აქციები შესაძლოა რამდენიმე თვით დაებლოკოთ და გაყიდვის საშუალება შეეზღუდოთ, ხოლო Direct Listing-ის დროს აქციები არ იბლოკება.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.