სწორედ მაშინ, როცა გერმანიაში ძალაუფლება ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, მწერალმა შარლოტ ბერადტმა ქვეყანაში მცხოვრებთა სიზმრების შეგროვება დაიწყო. ქვემოთ მოცემული სტატია მოგვითხრობს, თუ რა შედეგი მოუტანა ამან ბერადტს და რატომაა მისი კოლექცია მნიშვნელოვანი.

1933 წელს, როცა ჰიტლერს ძალაუფლება ახალი მოპოვებული ჰქონდა, ბერლინში მცხოვრებმა 30 წლის ქალმა უცნაური სიზმრების ნახვა დაიწყო. ერთ სიზმარში მის სამეზობლოში ჩვეულებრივი საგზაო ნიშნების ნაცვლად პოსტერები გამოეკრათ, რომლებზეც მთავრობის მიერ აკრძალული 20 სიტყვა იყო ჩამოწერილი. პირველი სიტყვა "ღმერთი" გახლდათ, ბოლო კი — "მე". მეორე სიზმარში ქალი მერძევეს, გაზის ინკასატორის, ჟურნალ-გაზეთების გამყიდველისა და სანტექნიკოსის გარემოცვაში აღმოჩნდა. ის მშვიდად იყო, სანამ ხალხში ბუხრის მწმენდავებიც არ შენიშნა (ქალის ოჯახში ბუხრის მწმენდავი, მისი შავი უნიფორმის გამო, საიდუმლო პოლიციის კოდური სახელწოდება იყო). სიზმარში კაცები თავიანთ ჩეკებს მუქარით აქნევდნენ და ნაცისტურ სალამს იძლეოდნენ, შემდეგ კი შეძახილებზე გადავიდნენ. "შენ დამნაშავე ხარ", — სკანდირებდნენ ისინი.

ეს მხოლოდ ორია იმ 75 სიზმარს შორის, რომლებსაც მწერალმა შარლოტ ბერადტმა თავის უჩვეულო წიგნში, სიზმრების მესამე რაიხში მოუყარა თავი. წიგნი არა სამეცნიერო კვლევა ან ფსიქოანალიტიკური ტექსტი, არამედ კოლექტიური დღიურია, რომელმაც ერის ისტორიის ჩრდილოვანი პერიოდი სინათლეზე გამოიტანა. სიზმრების მესამე რაიხი 1966 წელს გერმანიაში გამოიცა და ორი წლის შემდეგ ედრიენ გოტვალდის თარგმანით ინგლისურადაც გამოქვეყნდა. დღეს წიგნი აღარ იბეჭდება. მიუხედავად იმისა, რომ მისით მრავალი გამომცემელია დაინტერესებული, ბერადტის საავტორო უფლებების მეპატრონე მემკვიდრის პოვნა ვერ ხერხდება. სიზმრების მესამე რაიხი კი ნამდვილად იმსახურებს გადახედვას — არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბერადტის ეპოქისეული პოპულიზმის, რასიზმისა და კონტროლისაკენ მიდრეკილების ანარეკლები თანამედროვეობაშიც იჩენს თავს, არამედ იმიტომაც, რომ წიგნი ჰოლოკოსტზე შექმნილ ლიტერატურაში უნიკალურია. "ეს სიზმრები, ეს ღამეული დღიურები, მათ ავტორთაგან დამოუკიდებლად შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ სიზმრები დიქტატურის მიერ იყო ნაკარნახევი", — წერს ბერადტი.

შარლოტ ბერადტი.

ფოტო: Aquarian Press

შარლოტ ბერადტი, დაბადებით შარლოტ არონი, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ფორსტში გაიზარდა და ებრაელი ჟურნალისტი გახლდათ. როცა 1933 წელს ჰიტლერი კანცლერი გახდა, იგი ბერლინში ცხოვრობდა. ამავე წელს ბერადტს ნაშრომების გამოქვეყნება აეკრძალა. ის თავის ქმართან, ჰაინც პოლთან ერთად კომუნისტების იმ მასობრივი დაკავებების პერიოდში დააპატიმრეს, რომელიც რაიხსტაგის ერისა და სახელმწიფოს დაცვის დადგენილებას მოჰყვა. გათავისუფლების შემდეგ ბერადტმა საიდუმლოდ მიჰყო გერმანელების სიზმრების შეგროვებას ხელი. იგი ჩანაწერებს 6 წლის განმავლობაში, მთელი ის დრო აკეთებდა, როცა უამრავმა გერმანელმა ებრაელმა სახლ-კარი, სამსახური და უფლებები დაკარგა. 1939 წელს ბერადტს სამასი სიზმარი ჰქონდა ჩაწერილი. პროექტი სარისკო იყო, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტს მთავრობა უკვე იცნობდა. პოლმა, რომელიც ერთ დროს წამყვან გერმანულ ლიბერალურ გაზეთში, Vossische Zeitung-ში მუშაობდა, პრაღას შეაფარა თავი, ბერადტი კი მოგვიანებით თავის მეორე ქმართან, მწერალ და იურისტ მარტინ ბერადტთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ცოლ-ქმარი შარლოტენბურგში, ბერლინის მეტწილად ებრაელებით დასახლებულ გარეუბანში ცხოვრობდა, რომელიც უოლტერ ბენიამინისა და შარლოტ სალომონის მსგავს მოღვაწეთა საცხოვრებელი ადგილიც გახლდათ. ბერადტის მიერ შეგროვებული სიზმრები სწორედ ამ რეგიონის უბრალო, საშუალო კლასის საზოგადოებას ასახავს. "ენთუზიაზმით სავსე მლიქვნელებთან და რეჟიმისაგან სარგებლის მიმღებ ხალხთან შეხება არ მქონია. მკერავებს, მეზობლებს, ნათესავებს, მერძევეებსა და მეგობრებს ვესაუბრებოდი და ჩემს მიზანს უმეტესად არც ვუმხელდი ხოლმე. გულწრფელი და შეულამაზებელი პასუხები მინდოდა მიმეღო", — წერს ბერადტი.

გამოკითხული ადამიანები და საკუთარი თავი რომ დაეცვა, ბერადტი ჩანაწერებს წიგნის ყუებში მალავდა და თავის ბიბლიოთეკაში ინახავდა. სიზმრებში ნახსენებ პოლიტიკურ ფიგურებს კი ნიღბავდა და ჰიტლერს, გერინგსა და გებელსს ბიძია ჰანსად, გუსტავად და გერჰარდად მოიხსენიებდა. როცა წიგნების დაწვა და სახლების ჩხრეკა სახელმწიფოს მიერ კონტროლის ჩვეულებრივ ფორმად იქცა, ბერადტმა ჩანაწერები უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებს ფოსტით გაუგზავნა. 1939 წელს მწერალმა ქმართან ერთად დატოვა გერმანია და ნიუ-იორკში ჩავიდა ლტოლვილად. ცოლ-ქმარი უესტ-ენდ-ავენიუზე დასახლდა. მათ ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ სხვა ემიგრანტები: ჰანა არენდტი, რომლის 5 პოლიტიკური ესეც ბერადტმა გერმანულიდან თარგმნა; პოეტი ჰაინრიხ ბლიუხერი და მხატვარი კარლ ჰაიდენრაიხი. 1966 წელს, როცა ყველა ჩანაწერი დაიბრუნა, ბერადტმა წიგნი გერმანიაში გამოაქვეყნა, სახელით Das Dritte Reich des Traums.

ფოტო: Worth Point / Quadrangle Books

სიზმრების მესამე რაიხი 11 თავისგან შედგება და განმეორებადი სიმბოლოებისა და საკითხების მიხედვითაა დაყოფილი. სიურრეალისტურ სიზმრებს არენდტის, ჰიმლერის, ბრეხტისა და კაფკას პარაგრაფები აქვს წამძღვარებული. ზოგიერთ თავს სიმბოლური სათაური აქვს — მაგალითად, "ანტიგმირი", "მოქმედი პირები"; ზოგს კი აფორიზმული — მაგალითად, "აღარაფერი მახარებს". ამგვარი სახელწოდებები წიგნის მთავარ ჰიპოთეზას ამყარებს, რომლის თანახმადაც, ყოველდღიურობასა და სიზმრებს შორის აშკარა, მტკიცე კავშირი არსებობს. წიგნის ეპილოგში წარმოშობით ავსტრიელი ფსიქოლოგი, ბრუნო ბეტელჰაიმი აღნიშნავს, რომ კოლექციაში ბევრი წინასწარმეტყველური სიზმარია, რომლებშიც ადამიანები ჯერ კიდევ 1933 წელს ქვეცნობიერად აღიქვამდნენ სისტემის ნამდვილ სახეს.

როგორც სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ შეგროვებულ ომგამოვლილი საბჭოთა მოქალაქეების მონათხრობებში, ბერადტის მიერ შეკრებილ სიზმრებშიც ნათლად ჩანს ავტორიტარული რეჟიმის გავლენა კოლექტიურ ქვეცნობიერზე. მაგალითისთვის, 1933 წელს ერთ რესპონდენტს აზრების წამკითხველი ხელსაწყო ესიზმრა, რომელმაც ამოიცნო, რომ მისთვის ჰიტლერის სახელი სიტყვა "ეშმაკთან" ასოცირდებოდა. ფიქრების კონტროლის თემაზე ბერადტმა რამდენიმე სიზმარი აღწერა, რომელთაგან ზოგიერთმა წინასწარ განჭვრიტა ნაცისტების მიერ მოსახლეობის დატერორების ბიუროკრატიული, აბსურდული გზები. ერთ-ერთ სიზმარში 22 წლის ქალი, რომელსაც სჯეროდა, რომ კეხიანი ცხვირის გამო ებრაელად ჩათვლიდნენ, "არიული წარმომავლობის დადასტურების ბიუროში" მივიდა, რომელიც ნამდვილი ორგანიზაცია არასდროს ყოფილა, თუმცა მოგვიანებით შექმნილი დაწესებულებებისგან არც მაინცდამაინც განსხვავდებოდა.

"ბიუროკრატიული ზღაპრების" თავში, რომელიც ნაცისტურ პროპაგანდას ეხება, იმ სიზმარზე ვკითხულობთ, რომელშიც ბანერების, პოსტერების და სამხედროთა ხმები იმეორებდნენ ფრაზას, "რეგულაცია, რომელიც შემორჩენილ ბურჟუაზიულ ტენდენციებს კრძალავს". 1936 წელს კი ქალს თოვლიანი გზა ესიზმრა, რომელზეც საათები და ძვირფასეულობა იყო მიმოფანტული. ის იყო, რომელიმე უნდა აეღო, რომ მიხვდა, ყოველივე "უცხოელთა ერთგულების გამომცდელი ოფისის" მოწყობილი ხრიკი გახლდათ.

წიგნში შეკრებილი სიზმრები გვიჩვენებს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ გერმანელი ებრაელები და არაებრაელები ნაცისტურ რეჟიმთან თანაცხოვრებას, მათ წესებზე დამორჩილების საჭიროებას, პარანოიასა და საკუთარი თავის ზიზღს, როცა ყოველდღიურობაში ამ პრობლემებს სხვებსა და საკუთარ თავსაც კი უმალავდნენ. სიზმრებს თან ბერადტის მახვილგონივრული, შეულამაზებელი კომენტარები ახლავს, რომლებსაც ნაციზმთან და ემიგრაციასთან ავტორის პირდაპირი შეხება კიდევ უფრო ღირებულს ხდის. სტანდარტული ისტორიის ფონზე სიზმრების მეორეხარისხოვან მასალად მიჩნევის ნაცვლად, ბერადტი მათ მნიშვნელობას წინ სწევს, რითაც ფანტასტიკური დეტალები ინტერპრეტაციის გარეშე იძენენ ღრმა დატვირთვას. წიგნი ჰანა ჰოხის ფოტომონტაჟების სტილს მოგვაგონებს, რომლებშიც გერმანული მედიიდან ამოჭრილი ტექსტები და სურათები იმგვარადაა ერთმანეთთან შეპირისპირებული, რომ მოულოდნელ სცენარებს ქმნის, მსგავსი უცნაურობა კი კოლაჟებს მეტ გულწრფელობას სძენს.

ნაცისტური რეჟიმის პერიოდში გერმანელების მიერ ნანახი სიზმრები იმ ზეგავლენას ააშკარავებს, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს კოლექტიურ ქვეცნობიერზე აქვს.

ფოტო: Donatella Muggianu

სიზმრების მესამე რაიხი ჰანა არენდტის ნააზრევსაც ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ავტორიტარული მმართველობა "სრულად ტოტალური ხდება იმ მომენტიდან, როგორც კი მოსახლეობის პირად სოციალურ ცხოვრებას ტერორის რკინის მარწუხებში აქცევს". ბერადტი, როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება. ის სიზმრებს იმ კულტურის გაგრძელებად ხედავს, რომლის წიაღშიც წარმოიქმნებიან. მაგრამ ის, ამასთან, ზმანებათა სამყაროს თავისუფალი თვითგამოხატვის სივრცედ მიიჩნევს მაშინაც კი, როცა ადამიანთა პირადი ცხოვრება სახელმწიფოს კონტროლს ემორჩილება. ასეთ დროს სიზმრის ავტორს იმ გრძნობებში გარკვევა უადვილდება, რომელთა რეალურ ცხოვრებაში გამოთქმა ზედმეტად სარისკოა. ბერადტი აღწერს ქარხნის მფლობელის სიზმარს, რომელშიც ამ უკანასკნელს გებელსის სტუმრობისას ნაცისტურ ყაიდაზე მისალმება ფიზიკურად არ შეუძლია. ის ნახევარი საათი ცდილობს ხელის აწევას, რის შემდეგაც ხერხემალი შუაზე უტყდება. ბერადტი წერს, რომ ამ სიზმარს განმარტება ნაკლებად სჭირდება: "აქ ყველაფერი სავალალოდ, ლამის ვულგარულად ცხადია". მაშინ, როცა ინდივიდი პარაზიტამდე ან უსახო მასის წევრამდე იყო დაყვანილი ("დამესიზმრა, რომ დამოუკიდებლად ვეღარ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ჩემს ჯგუფთან ხმაშეწყობილად შემეძლო რაიმეს თქმა"), სიზმრები თვითაღქმის აღდგენის იშვიათ შესაძლებლობას იძლეოდა.

ბერადტის წიგნი რელიგიური შინაარსის სიზმრებს არ შეიცავს და არც ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრები იმ აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ამბებს გვიყვება, რომლებსაც პოგრომები უკვე გამოვლილი ჰქონდათ. თუმცა, ეს შეზღუდვები ავტორის მკაფიო, შთამბეჭდავ აღწერათა მეშვეობით, ნაცისტური რეჟიმის ადრეული ბუნების უკეთ დანახვაში ხელს სულაც არ გვიშლის. თანაც, დროის ამ მონაკვეთს ნაციზმზე შექმნილ ლიტერატურაში იმაზე ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე მის შემდგომ, მასობრივი მკვლელობებისა და ომის პერიოდს.

ფოტო: Karolis Strautniekas

წიგნში ყველაზე უნიკალური ქალაქში მცხოვრები იმ ებრაელ და არაებრაელ ქალთა ერთგვარი კვლევაა, რომლებიც საკუთარ სიზმრისეულ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ. მათ მოყოლილ სიზმრებში გერინგი კინოში მომუშავე გამყიდველ გოგოს ხელებს უფათურებს, საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი ჰიტლერი კი შუა ქუჩაში ცალი ხელით ქალს ეალერსება, ცალით კი პროპაგანდას ავრცელებს. "გერმანიის მდედრობითი სქესის მოსახლეობაზე ჰიტლერის გავლენას ამაზე უფრო ზუსტად ვერ დავახასიათებთ", — წერს ბერადტი და იხსენებს, რამდენმა ქალმა მისცა ფიურერსა და მის პარტიას ხმა იმის გამო, რომ იმ წინასწარგათვლილი მანიპულაციის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელიც ჰიტლერის ვითომდა "ეროტიკულ" ძალაზე აპელირებდა.

სიზმრები ნაცისტური პროპაგანდით მორჩილ ცოლებად და დედებად ქცეულ იმ ქალებსაც ახასიათებს, რომლებიც სოციალური უფლებების მოპოვებას ცდილობენ. მაგალითისთვის, ერთ ქალს, რომელიც რასობრივი კანონებით ერთი მეოთხედით ებრაელად ითვლებოდა, ესიზმრა, როგორ ჩადიოდა ჰიტლერთან ერთად დიდებულ კიბეზე. "ქვემოთ უამრავი ადამიანი გველოდებოდა და მუსიკა უკრავდა. ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ჩვენს ფიურერს კი სულაც არ ადარდებდა, რომ საზოგადოებაში ჩემთან ერთად იმყოფებოდა", — ჰყვება იგი.

სიზმრების მესამე რაიხის ბოლო თავი ებრაელებსა და მათ ეძღვნება, ვინც სიზმრებში მაინც ეწინააღმდეგებოდნენ რეჟიმს. ბერადტის აზრით, ეს სიზმრები ისეთივე განცალკევებულ კატეგორიას წარმოადგენს, როგორადაც ებრაელები ითვლებოდნენ ნაცისტურ გერმანიაში. ეს უკანასკნელნი არა შეფარული, არამედ პირდაპირი ტერორის მსხვერპლნი გახლდნენ. ერთ ებრაელ ექიმს ესიზმრა, რომ ერთადერთი იყო, ვისაც ჰიტლერის განკურნება შეეძლო. როცა ფიურერს დახმარება შესთავაზა, ჰიტლერის დაცვაში მყოფმა ქერა ახალგაზრდამ შესძახა: "ფულს არ აიღებ, თაღლითო ებრაელო?" ებრაელ იურისტს კი 1935 წელს ესიზმრა, რომ ლაპლანდიაში მიემგზავრებოდა, რადგან ეს დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანაღა იყო, რომელშიც ებრაელებს არ ერჩოდნენ. თუმცა "მარციპანის გოჭივით ვარდისფერმა მებაჟემ" მისი პასპორტი ყინულზე მოისროლა. ამგვარად, "მზის შუქზე მწვანედ აბიბინებულ" აღთქმულ მიწას კაცმა ვერ მიაღწია. 6 წლის შემდეგ, 1941-ში კი მასობრივი დეპორტაციებიც დაიწყო.

გერმანიაში სიზმრების მესამე რაიხი "გასაოცარ მტკიცებულებად" და "მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად" შეფასდა. როგორც ფსიქოანალიტიკოსმა, ფრენსის ლანგმა აღნიშნა, უცნაურია, რომ ბერადტის ნამუშევარს საერთაშორისო სცენაზე თითქმის არ იცნობენ. შესაძლოა, ისტორიის ასე უჩვეულოდ ილუსტრირების ხერხმა 1960-იანი წლების სხვა უფრო პირდაპირი ხასიათის ნაშრომებს ვერ გაუწია კონკურენცია (სიზმრების მესამე რაიხი იმავე პერიოდში გამოიცა, რომელშიც ჰანა არენდტის აიხმანი იერუსალიმში და რაულ ჰილბერგის ევროპის ებრაელთა განადგურება). მიუხედავად ამისა, წიგნს ჯერ კიდევ შეუძლია, მესამე რაიხზე შექმნილი საკულტო ლიტერატურის ნაწილი გახდეს და მეტი ყურადღება მიიქციოს.