როგორც NPR იუწყება, მუდმივად იზრდება იმ სამეცნიერო მტკიცებულებების რაოდენობა, რომლებიც აჩვენებენ, რომ შესაძლოა, დეპრესია სოციალური მედიის მოხმარებასთან იყოს დაკავშირებული. თინეიჯერებში დეპრესიისა და სუიციდის რიცხვი ბოლო 10 წლის მანძილზე შეუქცევადად მატულობს. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ კონკრეტულად Facebook მიზანმიმართულად ცდილობს სოციალური მედიის მოხმარებასა და მენტალური ჯანმრთელობას შორის ნებისმიერი კორელაციის დაფარვას.

ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, ვინაიდან Facebook ცდილობს, თავისი პროდუქტი რაც შეიძლება ახალგაზრდა ადამიანებს მიაწოდოს. NBC-ს მიხედვით, სულ ცოტა ხნის წინ — გასულ კვირას სახელმწიფოს 40 გენერალური პროკურორისგან შემდგარმა გუნდმა Facebook-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერგერგს მოუწოდა, უარი ეთქვა Instagram-ის მსგავსი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც 13 წლამდე მოზარდებისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

თუმცა, მარტში გამრთული კონგრესის მოსმენის დროს, რომელსაც Twitter-ისა და Google-ის აღმასრულებელი დირექტორები, ჯეკ დორსი და სუნდარ პიჩაი ესწრებოდნენ, ცუკერბერგმა კვლევა ეჭვქვეშ დააყენა.

"ვფიქრობ, რომ კვლევა ჯერ საბოლოო პასუხამდე არ მისულა", — განუცხადა მან მოსმენის დროს წარმომადგენელ ქეთი მაკმორის როჯერსს კითხვაზე, აცნობიერებდა თუ არა იგი კავშირს სოციალური მედიის მოხმარებასა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას შორის ბავშვებში. მკვლევრები ცუკერბერგის შეფასებას არ ეთანხმებიან.

"ჩვენი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ დეპრესიასა და სოციალური მედიის მოხმარებას შორის საკმაოდ აშკარა კავშირი არსბებოს", — განუცხადა NPR-ს დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, ჯინ თვენგემ.

თუმცა, ეს მტკიცებულებები ჯერ საბოლოო არაა. ობიექტური მონაცემების მოპოვება რთულია და ეს კანონმდებლების იმედგაცრუებას იწვევს.

"თქვენ მოგწონთ მოძველებული პასუხისმგებლობის ის ფარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სხვა მხარეს გაიხედოთ ან საჭირო ზომების მხოლოდ ნახევარი მიიღოთ მაშინ, როდესაც მილიარდებს გამოიმუშავებთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე", — განაცხადა მოსმენის დროს წარმომადგენელმა ქეთი კასტორმა, NPR-ის მიხედვით.

ამავე მოსმენის დროს ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია იკვლევს სოციალური მედიის გავლენას ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე — მაგრამ შედეგების გაზიარება არ სურს.

"მჯერა, რომ მათ ჩატარებული აქვთ კვლევა", — ეუბნება NPR-ს მაკმორის როჯერსი, რომელიც დაესწრო მარტის მოსმენას —"თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია არაგამჭვირვალეა".

კომპანიის მოგება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი და რამდენად ინტენსიურად მოიხმარს ამ პლატფორმას.

"ყველაფერი, რაც ამ პლატფორმას მოხმარებისთვის უფრო ჯანსაღს გახდიდა, ანუ აქ ნაკლები დროის გატარება, უაზროდ სქროლვაში დროის არ დახარჯვა და ა.შ. სრულებით ეწინააღმდეგება მათ ბიზნეს მოდელს", — ამბობს პენსილვანიის უნვიერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი მელისა ჰანტი NPR-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ახლა სოციალურ ქსელში იმაზე მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე ოდესმე და COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა.