ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი რუსთავი 2-თან აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა:

"დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა, თუმცა, ამ პროცესების უკან იდგა თუ არა შორენა თეთრუაშვილი, ამის გარკვევაში დრო მჭირდება. ჩემი იქედან წამოსვლის შემდეგ უფრო მეტ რამეს გავარკვევ, ვიდრე იქ ყოფნისას".

ოხანაშვილი აცხადებს, რომ თავისი რამდენიმეწლიანი სამსახურის დროს, ის მხოლოდ ილია მეორეს ემსახურებოდა და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ მას უთანხმებდა და სხვას არავის:

"ესეც იყო უკმაყოფილების მიზეზი, თითქოს კიდევ ვიღაც სხვისთვის უნდა შემეთანხმებინა ჩემი გადაწყვეტილება პატრიარქის გარდა".

სოსო ოხანაშვილის თქმით, თანამდებობის დატოვებამდე ის შეხვდა პატრიარქს და ესაუბრა მას. მისი თქმით, ილია მეორესგან მან წასვლის ნებართვა მიიღო.

ოხანაშვილმა თანამდებობა 23 თებერვალს დატოვა.