1945 წლის ივლისში აშშ-ს არმიამ ნიუ მექსიკოში პირველი ბირთვული ბომბი გამოსცადა. მასობრივი განადგურების იარაღის პროტოტიპმა, რომელსაც Gadget ერქვა, აფეთქებისას 21 კილოტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტური ენერგია გამოსცა.

1980-იანებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბირთვული აფეთქების შედეგად შემთხვევით წარმოიშვა სრულებით ახალი ნივთიერება. გარშემო არსებული ქვიშა, 30 მეტრამდე სიმაღლის კოშკი და სპილენძის გადამცემი ხაზები გაერთიანდნენ და ერთი შუშის მაგვარი ნივთიერება, ტრინიტიტი წარმოქმნეს.

ტრინიტიტის შიგნით მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი ფორმის მატერია, რომელსაც კვაზიკრისტალი ეწოდება. ბუნებაში არსებული ჩვეულებრივი კრისტალებისგან განსხვავებით, სადაც ატომების განლაგების ნიმუში სამივე განზომილებაში მეორდება, კვაზიკრისტალებში ატომები გარკვეული პერიოდულობის მქონე ნიმუშებად არ განლაგდებიან.

1945 წლის აფეთქების შედეგად ჩამოყალიბებული ტრინიტიტის ნაწილს 5-ჯერადი წრიული სიმეტრია ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ატომები თავიანთი განლაგებით ქმნიან 20 წახნაგოვან იკოსაედრს.

ეს უჩვეულო სიმეტრია, რომელიც ბუნებაში არ გვხვდება, ახალ კვლევაშია აღწერილი. ეს უკანასკნელი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ს შემდეგ გამოცემაში გამოქვეყნდება. კვლევამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს იმას, თუ სინამდვილეში რა ხდება ატომური ბომბის აფეთქების დროს და რა გავლენას ახდენს იგი გარემოზე.

"აქ გაცნობებთ წითელი ტრინიტის იკოსაედრული კვაზიკრისტალის, Si61Cu30Ca7Fe2-ის აღმოჩენის შესახებ", — წერს მოხსენებაში მკვლევართა საერთაშორისო გუნდი. "იგი წარმოადგენს ცნობილ უძველეს ანთროპოგენულ კვაზიკრისტალს, რომლის შექმნის დრომ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა".

"კვაზიკრისტალები ექსტრემალურ გარემოში ყალიბდებიან — ასეთი პირობები დედამიწაზე ძალიან იშვიათად იქმნება", — განაცხადა ტერი უოლასმა, ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის ემერიტუს დირექტორმა და მოხსენების თანაავტორმა.

ამ უცნაურ ნივთიერებასთან ერთადერთი შესადარებელი მასალა ბუნებაში, მკვლევრების თქმით, მეტეორიტია, რომელიც ასობით მილიონი წლით თარიღდება.

"ერთ დღესაც, მეცნიერები ან ინჟინრები საბოლოოდ მოგვაწვდიან თერმოდინამიკულ ახსნას იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ეს ნივთიერება ჩამოყალიბდა", — დაამატა უოლასმა. "შემდეგ კი, ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ ცოდნის გამოყენებას და მივიღებთ სრულყოფილ სურათს იმისა, თუ სინამდვილეში რა ხდება ბირთვული აფეთქებების დროს".