უცნაური სიზმარი ყველას გვინახავს და შესაბამისად შეკითხვაც გაგვჩენია, თუ საიდან მოხვდა ეს აბსურდი ჩვენს ტვინში. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ეს შეიძლება ხელოვნურ ინტელექტთან იყოს დაკავშირებული.

ტუფცის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორმა — ერიკ ჰოელმა სიზმრებთან დაკავშირებით ახალი ჰიპოთეზა წამოაყენა. ის სიზმრებს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპით ხსნის.

ჟურნალ Patterns-თან ინტერვიუში ნეირომეცნიერი ამბობს, რომ სურეალისტური სიზმრები ჩვენს ტვინს ყოველდღიური რეალობის აღქმაში მოულოდნელი და წარმოუდგენელი სტიმულების წარმოდგენით ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ ტვინი "არარეალურს" სიზმრების სახით გვაჩვენებს, რათა მის ხარჯზე რეალურის გარჩევა შევძლოთ.

"თუ არ იცი რა არის არარეალური, როგორ გეცოდინება რეალური. ჰალუცინაციური კატეგორიების ფაბულისტური სიზმრები, სავარაუდოდ ცხოველებს რეალობის აღქმაში ეხმარება. ამით შეიძლება სიზმრის ბიოლოგიური ფუნქციაც აიხსნას", — ამბობს ერიკ ჰოელი.

ეს იდეა შთაგონებულია ხელოვნური ინტელექტით და მანქანური დასწავლით. საუბარია სისტემაზე, რომელიც ადამიანის ნეირონების ფუნქციონირებას სიმულირებს, რითაც ხელოვნური ინტელექტი "იწვრთნება". მსგავსი ნეირონული ქსელი მონაცემებით იკვებება და მასში სხვადასხვა მასალა ექცევა, მაგალითად ფოტოსურათები. ამ პროცესის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს აანალიზებს და ხვდება რა არის "სწორი" და რა "არასწორი".

თუმცა, დიდი მონაცემების გამო, შეიძლება ხელოვნური ინტელექტი მასში აირიოს, რაც საბოლოოდ შეცდომაში შეიყვანს. ამის დასაძლევად, მკვლევარები ხელოვნურ ინტელექტს ხშირად "ქაოტური" მონაცემებით კვებავენ, რაც მას საჭირო ინფორმაციის არასაჭიროსგან გარჩევაში ეხმარება.

ჰოელის ვარაუდით, სწორედ ეს ხდება მაშინ, როდესაც უცნაურ სიზმრებს ვნახულობთ.

"თუ გადავხედავთ ტექნიკას, რომელსაც ადამიანები ღრმა სწავლების რეგულირების დროს იყენებენ, დავინახავთ, რომ ეს სიზმრების ფენომენს ძალიან ჰგავს. ცხოვრება ზოგჯერ მოსაწყენია და სიზმრები აქ იმისთვის არიან, რომ ერთფეროვნება შეგვიცვალონ", — ამბობს ნეირომეცნიერი.