ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, დემი ლოვატომ, განაცხადა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა და მასთან მიმართებაში სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს she/her ნეიტრალური ნაცვალსახელებით they/them ანაცვლებს.

"დღეს ის დღეა, როცა თქვენთვის ჩემი ცხოვრების შესახებ მეტის გამხელით ძალიან ბედნიერი ვარ", — წერს ლოვატო ტვიტერზე, — "ამაყად გაცნობებთ, რომ საკუთარ თავს არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ ვაიდენტიფიცირებ და ამიერიდან, ოფიციალურად ვიცვლი ნაცვალსახელებს they/them-ით".

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ შეცვლილი ნაცვალსახელები "ყველაზე უკეთ ასახავს მისი გენდერული გამოხატულების ფლუიდურობას" [გენდერფლუიდი — პიროვნება ცვლადი გენდერული იდენტობით].

ლოვატოს თქმით, თავისი გენდერული იდენტობა გასული წლის განმავლობაში "მოკეთებისა და საკუთარ თავთან ჩაღრმავების" შედეგად უკეთ შეიცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს რომ ჯერ კიდევ სწავლისა და გაცნობის პროცესშია და ამ საკითხის "ექსპერტი და წარმომადგენელი" ვერ გახდება.

ამასთან, დისნეის ყოფილმა ვარსკვლავმა ისიც განაცხადა, რომ სხვა არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებთან გენდერული იდენტობის შესახებ საუბრების ვიდეოსერიას შექმნის.

"ამას ვაკეთებ მათთვის, ვინც ახლობელი ადამიანებისთვის მათი რეალური იდენტობის გამხელა ჯერ ვერ მოახერხა", — დასძენს მომღერალი, — "გთხოვთ, თქვენს სიმართლეში ცხოვრება განაგრძოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სიყვარული გეკუთვნით".

როგორც აღმოჩნდა, დემის იმედი გამართლდა. მომღერლის ბევრმა ფანმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებით ამაყობენ, ზოგმა კი ლოვატო მისაბაძ მაგალითადაც დაასახელა.

მარტის თვეში ლოვატომ ასევე აღნიშნა, რომ იგი პანსექსუალია — რაც სექსუალური ორიენტაციაა და აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც იზიდავს ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი.

ფოტო: John Salangsang / Shutterstock

მომღერალი და მსახიობი წლების განმავლობაში იყო ლგბტქ უფლებების აქტიური მხარდამჭერი. დისნეის კიდევ ერთ ყოფილ ვარსკვლავთან, ნიკ ჯონასთან ერთად, მან დაგეგმილი ტურნეც კი გააუქმა ჩრდილოეთ კაროლინაში, როცა შტატში დისკრიმინაციული კანონი მიიღეს.

"მიჭირს იმ ფაქტის გააზრება, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ მსოფლიოში, სადაც სიყვარული და თანასწორუფლებიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", — განაცხადა ლოვატომ 2017 წელს.

არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები საკუთარ თავს სქესის ბინარულ სისტემას არ მიაკუთვნებენ.

აღსანიშნავია, რომ ბევრის აზრით, ასეთი იდენტობის მქონე პირები არათანაბრად არიან წარმოდგენილი პოპკულტურასა და მის ცალკეულ სფეროებში, მაგალითად, ტელევიზიაში. ამის გამო კი, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ახალგაზრდებს მეტად უჭირთ საკუთარი თავის შეცნობა და მისი მიღება.