იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ის და სხვა მოსამართლეები ბედნიერები იქნებიან, როდესაც საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილი აღარ იქნება.

"ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც საბჭოს წევრი, ჯანეზაშვილი ცდილობდა ახალგაზრდა მოსამართლეობის კანდიდატის დამცირებას მისი ღირსების და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც არ გამოუვიდა, საბედნიეროდ. როდესაც ცდილობს ქალბატონი ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, ის არამხოლოდ იმ უდავო ფაქტზე მიუთითებს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის შვილი ლევან გზირიშვილისა, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, ანუ არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და მოსამართლედ გამწესდეს, რაც არათუ დაამტკიცა, არამედ არც უცდია. საბედნიეროდ, მე როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც, ბედნიერები იქნებიან იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ იქნება", — აცხადებს გვრიტიშვილი.

დღეს, 19 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი ე.წ. კლანის მხარდაჭრისთვის სარგებლად თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას იღებს.