სირიის დედაქალაქ დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. სავაჭრო სახლის გახსნაზე დე ფაქტო მთავრობის წევრებმა აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია — ღვინოები, მინერალური წყლები და ჩაი წარადგინეს.

დე ფაქტო ხელისუფლების მედია აფსნიპრესის ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო წარმომადგენლობის მუშაობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად იქნება მიმართული.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა. ბჟანიას თან დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ახლავს, რომლებმაც შეხვედრები გუშინ, 18 მაისიდან დაიწყეს.

ბჟანია, ასევე, დამასკოში ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ იოანეს შეხვდა. ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ბჟანია მოხსენიებულია, როგორც "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი".

რუსეთის მოკავშირე სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, რომლის შემდეგ თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მაგრამ აფხაზეთს ყველა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ანტიოქია, მიიჩნევს, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელით.