სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დმანისში კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.

"2021 წლის 18 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2 დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა", — აცხადებს სახალხო დამცველი.

დმანისში დაძაბული ვითარება ორი დღე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა მეორე დღესაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.