მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში პარტნიორ ქვეყნებთან 3,93 მილიარდი დოლარის საქონელზე ვივაჭრეთ. აქედან 2,73 მილიარდი დოლარის პროდუქცია იმპორტირდა, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარის საქონელი უცხოეთში გავყიდეთ — აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზარდა.

საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ამ სამ ბაზარზე 463 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ, ხოლო იმპორტის მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ასეთია იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთანაც 2021 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტად ვივაჭრეთ:

  1. თურქეთი — ექსპორტი $105 მილიონი, იმპორტი — $491 მილიონი;
  2. რუსეთი — ექსპორტი $160 მილიონი, იმპორტი — $317 მილიონი;
  3. ჩინეთი — ექსპორტი $199 მილიონი, იმპორტი — $227 მილიონი;
  4. აზერბაიჯანი — ექსპორტი $152 მილიონი, იმპორტი — $183 მილიონი;
  5. აშშ — ექსპორტი $38 მილიონი, იმპორტი — $181 მილიონი;
  6. უკრაინა — ექსპორტი $98 მილიონი, იმპორტი — $121 მილიონი;
  7. სომხეთი — ექსპორტი $54 მილიონი, იმპორტი — $149 მილიონი;
  8. გერმანია — ექსპორტი $19 მილიონი, იმპორტი — $135 მილიონი;
  9. ბულგარეთი — ექსპორტი $86 მილიონი, იმპორტი — $41 მილიონი;
  10. იტალია — ექსპორტი $10 მილიონი, იმპორტი — $73 მილიონი;

იანვარ-აპრილში უცხოურ ბაზრებზე ყველაზე მეტად სპილენძის მადნები და კონცენტრატები ($264 მილიონი), მსუბუქი ავტომობილები ($125 მილიონი) და ფეროშენადნობები ($111 მილიონი) გავყიდეთ. რაც შეეხება იმპორტს, უცხოეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები ($245 მილიონი) და ნავთობპროდუქტები ($197 მილიონი) შემოვიდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოეთში გატანილი საქონლის დიდი ნაწილი რეექსპორტია, ანუ იმ ტიპის საქონელი, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისგან შემოდის და შემდეგ საქართველოდან ექსპორტირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოთხ თვეში ექსპორტის მოცულობის წლიური ზრდა 19,6%, ხოლო იმპორტის 10,1% იყო. ამგვარი მატება, პირველ რიგში, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ეკონომიკამ ერთ-ერთი პირველი დარტყმა სწორედ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მიიღო, როდესაც საგარეო ვაჭრობის მონაცემები მკვეთრად შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის ექსპორტის მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც გაუმჯობესებულია — იანვარ-აპრილში, 2019 წლის პირველ ოთხ შედარებით, უცხოეთში ექსპორტზე 5,3%-ით მეტი საქონელი გავიდა.