პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 18 მაისს მსჯავრდებულები აიცრებიან — გეგუთის #14, გლდანის #8 და რუსთავი ქალთა #5 ციხეებში. მათივე განცხადებით, ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. სამინიტროს ინფორმაციით, დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში — 120, ხოლო რუსთავში — 30.

"ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პროცესი, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.