განათლების სამინისტრომ ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, იზღუდება ბოლო ზარზე დამსწრე პირთა რაოდენობა და მიზანშეწონილი არ არის ბანკეტების გამართვა.

კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

"თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.