პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ცნობით, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. მათივე ინფორმაციით, ისინი ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

"მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება. დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ", — აცხადებენ პროფკავშირებში.

პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში, ასევე, აცხადებენ, რომ გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

"აგრეთვე, მიმდინარეობდა 21-დღიანი სამედიაციო პროცესი, მაგრამ უშედეგოდ. აქციაში მონაწილეობას 350-მდე თანამშრომელი მიიღებს. შედეგად სრულად გაჩერდება ორივე ქარხნის მუშაობა", —– ამბობენ პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ბორჯომის ქარხნის გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირია

On.ge ბორჯომის ჩამომხსმელი ქარხნების ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ცდილობს.