შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისის დაპირისპირება ჯერ არავინ დუკავებიათ და ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის. გამოკითხვაზე იმყოფებიან, როცა გამოკითხავენ გამოუშვებენ. გამოძიება მიდის", — ამბობს გომელაური. მისივე თქმით, ყველა პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება დმანისის შესასვლელთან დაპირისპირებას, გომელაური ამბობს, რომ იქ იყვნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული პირებიც.

"5-6 ლოკაციაზე იყო განაწილებული პოლიცია, თუმცა, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, ზოგი თბილისიდან, ზოგი რუსთავიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, დაიძაბა სიტუაცია, მოხდა შეხლა-შემოხლა, ჟურნალისტებიც დაზიანდნენ, რაზეც ერთი საქმეა გამოყოფილი. ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე და შერიგდნენ", — აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დმანისში პოლიციურ ძალებს ტოვებენ. მისივე თქმით, დღეს პროტესტის ასე განვითარებას არ ელოდნენ, რადგან სიტუაცია გუშინ განმუხტული იყო:

"ძალიან რთული სიტუაცია იყო, ეს არ არის ქალაქი, სოფელია, გზა რომ დაიკეტა, უკაცრავად და ღობეებზე გადმოხტნენ, გადახტნენ ნაკვეთებში, შემოუარეს სხვადახვა სახლს, რთული იყო, ელემენტარულად, მაშინ დიდი მასა უნდა ყოფილიყო მობილიზებული. რა ვიცოდით, გუშინ განიმუხტა სიტუაცია".

ბოლო ორი დღეა დმანისში დაძაბული ვითარებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა დღესაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.