ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დმანისში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გამოიძიოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია პირველი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. სხვადასხვა ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.

ბოლო ორი დღეა დმანისში დაძაბული ვითარებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა დღესაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, რომ ის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.