საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ლგბტქ თემი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკასა და საქართველოში, თანასწორობისთვის იბრძვის და მათ შიშის გარეშე უნდა შეეძლოს ცხოვრება მიუხედავად იმისა, ვინ უყვართ და ვინ არიან ისინი.

მან, აგრეთე, 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტქ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელის მოწერა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის შთაგონების მაგალითია.

დეგნანის თქმით, თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელის მოწერა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ცხადყოფს, რომ ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ქართველები კვლავ მზად არიან დაიცვან ადამიანის უფლებები.

"მინდა კომენტარი გავაკეთო სამოქალაქო საზოგადოებაზე, თანასწორობის მოძრაობაზე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფზე, სახალხო დამცველის აპარატსა და სხვებზე. ისინი მხარს უჭერენ, იცავენ და ადვოკატირებას უწევენ ყველა მარგინალიზებულ ჯგუფს საქართველოში. ისინი ილია ჭავჭავაძის პოლიტიკას ატარებენ, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში გამოიხატება.

ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია წარმოადგენს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითად ნაწილს. ლგბტქ ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, თავიანთი ოჯახებითა და მეგობრებით, იმედებითა და ოცნებებით. მათ შიშის გარეშე უნდა შეეძლოს ცხოვრება მიუხედავად იმისა, ვინ უყვართ და ვინ არიან ისინი", — აღნიშნა დეგნანმა Tbilisi Pride-ს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები ამ დღეს სათანადოდ ვერ აღნიშნავენ, რადგან ძალადობრივი ჯგუფები მათ ამაში ხელს უშლიან.

15 მაისს, ლგბტქ აქტივისტებმა ინსტალაცია — ფერადი კაბინა წარწერით welcome to the closet დაამონტაჟეს, სადაც ფალავანდიშვილი მივიდა და ინსტალაცია დააზიანა. ის აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

აქტივისტებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თუმცა ფალავანდიშვილი არ დაუკავებია და მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაიყვანა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტმა თქვა, მოგვიანებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განარიდეს, თუმცა იქ დარჩა მისი რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებმაც ჰომოფობიური ბანერიც მიიტანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.