საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზალკალიანმა კიევში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.

მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.

დავით ზალკალიანი უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.