"ვარ ტრანსგენდერი ქალი, ვცხოვრობ ჩვეულებრივად", — ამ სიტყვებით იწყებს ნათია საკუთარი ისტორიის მოყოლას. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სტატიაში შეცვლილი სახელით მოვიხსენიებთ.

სანამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის გამოცდილებაზე გვეტყვის, მანამდე განვლილ ცხოვრებაზეც გვიყვება.

რამდენიმე ადგილას, მათ შორის, სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა. თუმცა როგორც კი მისი იდენტობის შესახებ გაიგეს, სამსახურიდან იმ დღესვე გამოუშვეს. ეს 2008 წელს ხდებოდა.

"იმის შემდეგ, მქონდა მცდელობა, რომ მუშაობა დამეწყო ნიკორაში, სპარში და ნებისმიერ ადგილას. ჩემი ძმები და ოჯახი ჩემი წინააღმდეგნი არიან, ამიტომ ოჯახთან ვერ ვცხოვრობდი. ცალკე მიწევდა თავის გატანა".

მაგრამ ყველასგან უარი მიიღო.

"როგორც კი დამინახავდნენ ვიზუალურად ქალს და პირადობას ვაძლევდი, სადაც მამრობითი ეწერა, ყველა მეუბნებოდა, შენი ადგილი აქ არ არისო".

შემდეგ ციხეში მოხვდა. ბრალად ლეპტოპის ქურდობა ედება, თუმცა ამბობს, რომ არ მოუპარავს.

ცხოვრება ციხეში

24 წლის იყო, როცა ციხის კარი ზურგს უკან მიუხურეს. სრულიად სხვა ცხოვრება დახვდა — გვიყვება, მხოლოდ წამების, ცემის, გინებისა და ყვირილის ხმები ისმოდაო.

"ისე მცემეს, ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. ფეხზე რომ დავდექი, მერე წამიყვანეს ზონაზე. ზონაში მიღებისას უკვე ძალიან გცემენ. რომ ჩამოჰყავხარ მანქანიდან, ბადრაგების კორიდორია. ამ კორიდორს გადიხარ და თან ხელკეტებს გირტყამენ. აბანოშიც ვიყავი ჩაკეტილი, ნესტში, იქაც ერთი ათი დღე. დამემართა ტუბერკულოზი".

დაავადების გამო ქსნის მე-19 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამბობს, რომ მკურნალობდა, თუმცა სცემდნენ.

ყველაფერი მენატრებოდა. ციხეში ჰაერიც, ხეც სხვანაირია. მიწასაც ხვანაირი სუნი აქვს. გარეთ რომ გამოხვალ, ისე ჩაისუნთქავ ჰაერს, რომ გგონია, ფილტვები გაგეხსნა. ვერ ვსუნთქვადი აქამდე, იმიტომ, რომ ციხეში მძიმე ჰაერია, ყველაფრისგან დაძაბული ხარ.

"მკურნალობის რაღაც ეტაპზე მივიდოდი, კარგად ვიყავი და მერე ისე მცემდნენ, რომ ისევ თავიდან ვიწყებდი. სამ-ოთხჯერ ასე მოხდა. წამალს აღარ იღებდა ორგანიზმი. მერე მთავრობა შეიცვალა და გადავრჩი".

ციხეში დამკვიდრებულ დამამცირებელ, ქუჩური მენტალიტეტისთვის დამახასიათებელ ტერმინებსაც იხსენებს და ამბობს, რომ საკნები დაყოფილი იყო "საქათმეებად", "კაზიოლებად" და "ბლატნოებად".

"ბლატონოები" არიან "კაი ბიჭები", ისინი ამყარებენ წესრიგს. "საქათმე" არის ის, ვინც განსხვავებული ორიენტაციისაა ან ვინც გაუპატიურების, ინცესტის, ბავშვზე ძალადობის მუხლით ზის. "კაზიოლებში" არიან საჭმლის დამტარებლები ან სიტყვაზე, თუ ვიღაცამ ვიღაცას სნიკერსი, ბრიტვა მოჰპარა, მაგათ ეძახიან კაზიოლებს".

ნათიას თავისი გენდერული იდენტობის გამო "საქათმეში" უწევდა ჯდომა. მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი. "ციხის კანონის" თანახმად, "საქათმეში" ვინც ზის, არ აქვს უფლება სხვებს შეეხოს, სხვებთან ერთად დალიოს ყავა, ითამაშოს კარტი და სხვა.

"რომ შევეხო, თუ არ იმოქმედა, თუ არ დამარტყა, იმასაც შემოუშვებენ "საქათმეში". იმასთან ერთად რომ ვჭამო, ისიც "საქათმეში" ვარდება. "კაზიოლებთან" ერთად ჩვეულებრივად ჭამენ, მაგრამ ჩვენთან ნებისმიერი ურთიერთობის დამყარება ეკრძალებათ", — გვიყვება ის.

ციხეში სამსახურიც ჰქონდა. დირექტორის კაბინეტს ალაგებდა და თვეში 180 ლარს უხდიდნენ. მის მიმართ მადლიერება ჩვენთან საუბრისას რამდენჯერმე გამოხატა.

"რაც დირექტორის ოთახის დალაგება დავიწყე, როცა მოჰქონდა საკვები, შუაზე მინაწილებდა. სუნამო მინდოდა, ტონალური მინდოდა, ყველაფერში მეხმარებოდა".

ამის მიუხედავად, ციხეში ჰორმონების შეტანაზე უარი უთხრეს. ჰორმონული თერაპია საპატიმროში მოხვედრამდე დაწყებული არ ჰქონდა, ამიტომ ამ მხრივ ბევრი პრობლემა არ შექმნია. თუმცა როცა დაწყება გადაწყვიტა, მედიკამენტები ვერ მიიღო.

"მოვითხოვე ჰორმონული თერაპია, პრეზერვატივები. თუმცა ყველაფერზე უარი მეთქვა აბსოლუტურად. დირექტორმა მითხრა პირდაპირ, რომ ეს არის ციხე და აქ ეგეთები არ ხდება. ან აქ იყავი, თუ არადა გაგიშვებ გლდანში და ჩაგკეტავენო. ამიტომ, ჩუმად ვიყავი, იმიტომ რომ ჰაერზე ყოფნა ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან აივ-დადებითი ვარ. უნდა ვყოფილიყავი, სხვა გზა არ იყო, თორემ ისევ ტუბერკულოზი დამემართებოდა მძიმე ფორმის და ან გადავიტანდი, ან ვერა".

ციხეში ყოფნამ გააძლიერა. იმდენ ტანჯვას უძლებ, რომ ძლიერი ფსიქიკის გამოდიხარო.

უკან რომ ვიხედები, ციხის კვალი იმდენად არის ჩემში დარჩენილი, ადამიანს რომ გავიცნობ, უცებ ვშფირავ. ციხეში ვისწავლე ცალი თვალით ძილი, ადამიანის ფსიქიკა, ფსიქოლოგია.

"ჯერ საკანში რომ უძლებ ჩაკეტვას. პატარა საკანია და წარმოიდგინე, 6 ადამიანი ზის. ჰაერი არ არის, ფანჯრები სანახევროდ იხსნება, ვერ მოძრაობ, ცუდად ხარ. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება".

გარეთ ყველაფერს ვარდისფერი ფერებში ხედავ, ციხეში კი შავ თეთრიაო. იქ შეცდომებზე ფიქრის დროც ჰქონდა.

"ყველაფერს შიფრავ, ალაგებ და ცდილობ, რაც დანაშაული ჩაიდინე, რა შეცდომაც დაუშვი, ყველაფერი დაალაგო და გამოასწორო. იმის დაგეგმვაში ხარ, რომ როცა გახვალ, ამას ასე ვიზამ, იმას ისე ვიზამ".

ცხოვრება ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ვადამდე ადრე გამოვიდა — 5 წლის ნაცვლად, ციხეში 3 წელი და 9 თვე დაჰყო. ციხის ხელფასს 10 თვე აგროვებდა, ამიტომ გარეთ 1 800-ლარიანი დანაზოგი გამოიტანა.

"ნელ-ნელა ავუწყე ფეხი".

მაინც არ მიეცა საშუალება, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც დაგეგმა. იძულებული გახდა, სექსსამუშაოში ჩართულიყო.

"ორიენტაციას დაემატა ეს მსჯავრდებულობა, ნასამართლეობა, ამიტომ სამსახურებზე უარი მეთქვა და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში".

სხვა სამსახური რომ იშოვოს, ერთი წამით არ დაფიქრდებოდა, ისე ჩამოშორდებოდა ამ სფეროს.

"ხანდახან საკუთარი თავი მეზიზღება. საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებ, ვერ ვცნობ. მძულს ეს, მაგრამ რა ვქნა, გაჭირვებიდან გამომდინარე სხვა გზა არ მაქვს. მე რომ არ ვიმუშაო, არც არავინ მაჭმევს".

უნდა, რომ სექსსამუშაოში აღარ იყოს ჩართული.

"არამარტო მე, ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა ასე იტყვის — ოღონდ ამ წუმპეს მოშორდნენ, ყველაფერს გააკეთებენ. ყველგან ვიმუშავებ, არ მეთაკილება, იმიტომ, რომ რასაც დღესდღეობით ვაკეთებ, ყველაზე საშინელებაა. ჯოჯოხეთზე ჯოჯოხეთია. ამიტომ მირჩევნია, თვეში 300 ლარი მქონდეს, ვიდრე დღეში 300 ვიშოვო, საკუთარ თავს ვერ ვუყურებდე სარკეში და იმის განცდა მქონდეს, რომ ეს როგორ გავაკეთე?!"

სამსახურზე დახმარება ბევრჯერ ითხოვა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ქნა. მიაჩნია, რომ ნასამართლევი როცა ხარ, სახელმწიფო უნდა გეხმარებოდეს, თუმცა დღეს ამას ვერ ხედავს.

"პირიქით, ახლა ისეა სიტუაცია, რომ არ გამუშავებს, არაფერს გაძლევს, რომ თავი ირჩინო და გიბიძგებს მორიგი დანაშაულისკენ. ანუ, რა უნდა იფიქრო? ჩვენ არასდროს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმიტომ, რომ ასეთი აზროვნება აქვს სახელმწიფოს".

ახლა ექიმთან კონსულტაციებს გადის. უნდა, რომ სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია გაიკეთოს. ჰორმონული თერაპიის გავლა ფინანსურად არ გაუჭირდება, რადგან ფეხზე მყარად დგას, თუმცა უნდა მათ დაეხმაროს, ვისაც ეს სჭირდება.

"ვისაც უჭირს, რითიც შემეძლება, დავეხმარები, იმიტომ, რომ უკან რომ ვიხედები, მეც მიჭირდა. ისე არ არის, რომ მე მაქვს და მორჩა. იცი, როგორ ვოცნებობ, რომ ძალიან ბევრი ფული მქონდეს — ხომ ხედავ ღმერთო ჩემს გულში რა დევს? — ყველა გაჭირვებულს დავეხმარები".

რამდენიმე მიზეზის გამო ქვეყნიდან დატოვებაზეც უფიქრია. ერთი ის არის, რომ უცხოეთში სახელმწიფო ოპერაციას აფინანსებს. მეორე — ტრანსფობიაა. საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

წარსული თუ არა გაქვს, მომავალს ვერ შექმნიო და წარსული მაქვს მძიმე, მაგრამ მომავალს ამ მძიმის ნიადაგზე ძალიან კარგად ვაშენებ.

ამბობს, რომ არაოფიციალურად, მაგრამ დღესდღეობით, დაქორწინებულია. ერთმანეთი ნათიას სამსახურში, სექსამუშაოზე გაიცნეს, სადაც მისი პარტნიორი კლიენტის სტატუსით მივიდა. უკვე წელიწადნახევარია ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ნათიას საქმიანობის გამო ცოტა დაძაბულობა აქვთ, ფინანსური საჭიროების გამო სექსმუშაკობას, ჯერჯერობით, თავს ვერ ანებებს.

"ახლა ჩემი ქმარი ეძებს სამუშაოს, პროფესია აქვს რამდენიმე და კარგ სამსახურს რომ ნახავს, სახელმწიფომ რომც არ დამასაქმოს, ჩემი ქმრის ხელფასი გვეყოფა და შევეშვები ამ სამუშაოს აუცილებლად. თვითონ მითხრა — შემიძლია 24 საათი ვიმუშაო და ამ სიბინძურეს მოგაშოროო".

რაც შეეხება ოჯახს, მათთან ურთიერთობა ქამინგაუთის შემდეგ გაწყვიტა. მხოლოდ დედას ეკონტაქტება.

"ერთადერთი, ვინც დღეს მელაპარაკება, არის დედა. ვეხმარები ხოლმე ფინანსურად. ჩემი ოჯახი არ არის მყარი და დედას ვეხმარები, გაზის და დენის ფულით. თუ რამე უნდა, მიმყავს, სეზონურად ჩავაცმევ და იქ მამაჩემისთვისაც ვაპარებ ხოლმე რაღაცებს".

ამბობს, რომ მშობლებს, მისი უარყოფის მიუხედავად, საკუთარი ცხოვრებიდან ვერ წაშლის.

მათთვის, შეიძლება, არაფერი არ ვარ, მაგრამ ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან.

ბევრი დაბრკოლებისა და სირთულეების შემდეგ, დღეს თამამად აცხადებს, რომ ძლიერია.

"ქუჩას რომ დავუყვები და დავდივარ, აბა, ვინმემ რამე მითხრას. მე რომ ტრანსი ვარ, რა, ჩემზე მეტია რამით? სარკეში ჩავიხედოთ და ვთქვათ, მე თუ კაცი ვარ, თითონ ვინ არის? მე ქალი ვარ და ის კაცია. ასეა".