სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების გამო რამდენიმე პირია დაკავებული.

"სათანადო იყო, რაც არ ჟღერდება ტელეეთერში, არ ნიშნავს, რომ არ განხორციელებულა ზომები. მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი, რაც შეეძლო პოლიციას, ყველაფერი გააკეთა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იქნა გატარებული ყველა ზომა, მათ შორის დაკავებაც", — აცხადებს ლილუაშვილი.

დმანისში დაძაბულობა 16 მაისს დაიწყო. დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ "ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ახალგაზრდებში". მისივე ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შეუწყონ ხელი.