პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დმანისის ინციდენტის ეთნიკურ დაპირისპირებად შეფუთვა მიიღებელია. როგორც ის ამბობს, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.

"ამ ინციდენტის შეფუთვა და გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, ესაა მიუღებელი, დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან", — თქვა თალაკვაძემ.

დაპირისპირება დმანისში გრძელდება. მედიებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. იქ დაძაბულობა 16 მაისს დაიწყო. დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ "ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ახალგაზრდებში". მისივე ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას არ შეუწყონ ხელი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.