მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა 15 ქართული ან საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელთა რეკლამებიც კრემლის პროპაგანდისტულ 8 ვებგვერდზე ხვდებოდა.

ეს კომპანიებია:

  • ალტა;
  • იაკობს საქართველო;
  • ლენოვო საქართველო;
  • სილქნეთი;
  • ბეთლაივი;
  • ბეკო;
  • ბოქსეტე;
  • სამსუნგი;
  • ევროკრედიტი;
  • GWG;
  • თბილისი მედიკი;
  • თეგეტა მოტორსი;
  • ვოლვო საქართველო;
  • ვიზა საქართველო;
  • ზუმერი.

კვლევის თანახმად, ასევე, გამოვლინდა 83 კომპანია, რომელიც სპუტნიკის 6 ვებგვერდზე რეკლამებს ათავსებდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი — სამშენებლო კომპანია ნექსთ გრინია საქართველოში რეგისტრირებული.

MDF-ის ახალ კვლევაში კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-საიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხია შესწავლილი.

მედიის განვითარების ფონდი 22 თებერვლიდან 5 მარტამდე და 11-14 მარტს დღის სხვადასხვა მონაკვეთში კრემლის პროპაგანდისტულ 14 ვებგვერდს აკვირდებოდა. ეს გამოცემებია:

ქართული კომპანიების რეკლამები კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებზე

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 11-14 მარტის მონაკვეთში დაკვირვების პროცესში 7 რუსულ საიტზე 50 კომპანიის 74 რეკლამა აღირიცხა. მათგან 9 ქართული კომპანია და 6 უცხოური ან საერთაშორისო კომპანიის ქართული წარმომადგენლობა გამოვლინდა, რომელთა რეკლამებიც Google ads-ის მეშვეობით კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე არის განთავსებული.

კომპანიები, რომელთა რეკლამები google ads-ით კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე ხვდებოდა

ფოტო: mdf

საილუსტრაციოდ, კვლევაში რამდენიმე ისეთი მაგალითია მოცემული, როცა კომპანიების სარეკლამო ბანერები კრემლის სხვადასხვა პროპაგანდისტულ საიტზე ჩნდებოდა:

1. ალტას რეკლამა Rusvesna.su-ზე

ფოტო: mdf

2. სილქნეთისა და ლენოვო საქართველოს რეკლამები Rusvesna.su-ზე

ფოტო: md

3. სამსუნგ საქართველოს რეკლამა Aif.ru-ზე

ფოტო: mdf

4. ევროკრედიტის რეკლამა eadaily.com-ზე

ფოტო: mdf

5. სილქნეთის რეკლამა sputniknews.com-ზე

ფოტო: mdf

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში Sputnik-ის 6 ვებგვერდი ფუნქციონირებს. ესენია:

  • სპუტნიკ საქართველო ქართულ ენაზე (sputnik-georgia.com);
  • სპუტნიკ საქართველო რუსულ ენაზე (sputnik-georgia.ru);
  • სპუტნიკ ოსეთი ოსურ ენაზე (sputnik-ossetia.com);
  • სპუტნიკ ოსეთი რუსულ ენაზე (sputnik-ossetia.ru);
  • სპუტნიკ აფხაზეთი აფხაზურ ენაზე (sputnik-abkhazia.info);
  • სპუტნიკ აფხაზეთი რუსულ ენაზე (sputnik-abkhazia.ru).

MDF-ის განცხადებით, დაკვირვების პროცესში ჯამში ექვს საიტზე 83 კომპანიის 121 რეკლამა დაფიქსირდა და სპუტნიკის 6 ვებსაიტიდან ყველაზე მეტად 5 კომპანია ჩნდებოდა, მათ შორის, ორი Batumivew და Nextbatumi-ია.

კომპანიები, რომელთა რეკლამები google ads-ით სპუტნიკის 6 საიტზე იყო განთავსებული

ფოტო: mdf

"იმ ორი სამშენებლო კომპანიიდან (Batumiview, Nextbatumi), რომელიც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართებს ყიდის, Batumiview საქართველოში რეგისტრირებული არ არის. ის ერაყული Rekan Group-ის და Hawkary Group-ს ეკუთვნის.

ხოლო Nexbatumi-ის ბათუმის აპარტამენტების მშენებლობას Next Group-ის შემადგენლობაში შემავალი და საქართველოში რეგისტრირებული ნექსთ გრინი აწარმოებს, რეკლამის განმთავსებელი დანარჩენი კომპანიების უმრავლესობა რუსეთთან იყო დაკავშირებული", — აღნიშნულია კვლევაში.

6. Batumiview-ს რეკლამა Sputnik-ossetia.ru-ზე

Batumiview-ს რეკლამა Sputnik-ossetia.ru-ზე

ფოტო: mdf

7. Nextbatumi-ს რეკლამა Sputnik-Georgia.ru-ზე

ფოტო: mdf

8. 1trk-ს რეკლამა Sputnik-ossetia.ru-ზე

ფოტო: mdf

ორგანიზაციის ცნობით, 1trk.ru რუსული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც ტვირთის გადაზიდვას რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე ახორციელებს. Reg.ru რუსული ვებ-ჰოსტინგ სერვერია. Reg.ru-ზეა რეგისტრირებული კრემლისტური გამოცემა News Front-იც. Tutoronline.ru კი რუსული საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მსურველებს სხვადასხვა საგანში მომზადებას სთავაზობს.

რეკლამის განმათავსებელი კომპანიების რეაგირება კვლევის მიგნებებზე

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ მედიის განვითარების ფონდი 11 ადგილობრივ კომპანიას დაუკავშირდა, რომელთაგან ანგარიშს ორი კომპანია — ზუმერი და ბოქსეტე გამოეხმაურა.

"Zoomer-მა საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მათი რეკლამების კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე განთავსების შესახებ ცნობილი არ იყო, რადგან Google Ads-ის სარეკლამო კამპანიას შუამავალი კომპანიის დახმარებით აწარმოებდნენ. მედიის განვითარების ფონდის წერილის მიღების შემდეგ კი, დაქირავებულ კომპანიას დაუკავშირდნენ და რეკლამების განთავსების ადგილებიდან როგორც პროპაგანდისტული, ისე სხვა რუსული საიტების ამოღება მოითხოვეს", — ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება კომპანია ბოქსეტეს, MDF-ის ცნობით, ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულად კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე რეკლამის განთავსება მათი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა ამ შინაარსის საიტების ერთიანად გამორიცხვის მექანიზმის არარსებობის გამო გამოსავალს ვერ ხედავდნენ.

"მედიის განვითარების ფონდმა კომპანიას პროპაგანდისტული ვებსაიტებიდან რეკლამების ამოღების გზების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა კომპანიას საბოლოო პასუხი მათი გადაწყვეტილების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების დროს არ მოუწოდებია", — ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორ მუშაობს Google ads

MDF-ის განმარტებით, სხვადასხვა საიტზე სტუმრობისას განსხვავებულ სარეკლამო ბანერებთან ერთად ზოგჯერ რამდენიმე წუთში ცვლად გუგლის რეკლამებს (Google ads) ვხედავთ. ის საიტები, სადაც გუგლის რეკლამები (Google Ads) ჩნდება, Google Display-ის ქსელში ერთიანდება და მათი რიცხვი ორ მილიონს აღწევს. კონკრეტული პროდუქტის დარეკლამების მსურველ კომპანიას ქსელი სასურველი სამიზნე აუდიტორიის არჩევის საშუალებას აძლევს.

თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, პროცესი ძირითადად მაინც ავტომატიზებულია, რის გამოც კომპანიისგან დამოუკიდებლად, გუგლის ალგორითმის მიერ მითითებული სამიზნე აუდიტორიისთვის რეკლამის მიწოდება შესაძლოა, ისეთ ვებგვერდებზე მოხვდეს, სადაც პროდუქტის პოპულარიზაციის რეკლამის დამკვეთის ინტერესებში არ შედიოდა. შესაბამისად, MDF-ის თქმით, შესაძლებელია კომპანიამ არც იცოდეს, მისგან დამოუკიდებლად ფინანსურად რომელ საიტებს ეხმარება.

"რეკლამის შექმნისას კომპანიას შეუძლია გამორიცხოს კონკრეტული კატეგორია, მაგალითად, პორნოსაიტები, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ფილტრი პროპაგანდისტული და ყალბი ამბების გამავრცელებელი საიტების გაფილტვრისთვის. ამასთანავე, რეკლამის განთავსების პროცესში კომპანიამ შესაძლოა მიუთითოს, რომელ კონკრეტულ URL მისამართზე არ სურს მისი პროდუქტის განთავსება და ამ შემთხვევაში ალგორითმი წინასწარ მითითებას შეასრულებს", — ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბევრი ცნობილი კომპანია გაუცნობიერებლად დეზინფორმაციის გამავრცელებელ ვებგვერდებს თავიანთი რეკლამებით ეხმარება. ამასთან, MDF-ის განცხადებით, ესტონური ორგანიზაცია Propastop2-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბევრი ცნობილი ესტონური კომპანიის რეკლამა კრემლის მიერ მხარდაჭერილ და დაფინანსებულ ვებგვერდებზე კომპანიების არაინფორმირებულობის შედეგად ხვდება.

"ესტონური გამოცდილება აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიებს პროპაგანდისტული საიტების დაფინანსების შესახებ ეცნობათ, რამდენიმე მათგანმა ეს საიტები მათი რეკლამის განსათავსებლად არასასურველ სიაში შეიყვანა და შესაბამისად, რუსული დეზინფორმაციის გავლენის ზრდაზე ირიბი მხარდაჭერა გამორიცხა", — აღნიშნულია დოკუმენტში.

მედია საშუალებების პროფილები

კვლევაში სხვადასხვა მედია საშუალების პროფილები და კავშირებიცაა განხილული. მაგალითად, MDF-ის ცნობით, Rusvesna.su თანამშრომლობს ისეთ სეპარატისტულ მოძრაობებთან, როგორებიცაა ანტიმაიდანი და ნოვორასიის კონფედერაცია.

ანგარიშის თანახმად, გამოცემა რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა 2015 წელს დაარეგისტრირა. Rusvesna სხვადასხვა დროს 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ კრემლისტურ დეზინფორმაციებს ავრცელებდა.

Lenta.ru-ზე კი კვლევაში ვკითხულობთ, რომ ის რუსული მედიაკომპანია Rambler Group-ს ეკუთვნის.

"2019 წლის მონაცემებით, კომპანიის 46,5% რუსეთის უდიდეს სახელმწიფოს კონტროლირებულ ბანკს — სბერბანკს ეკუთვნოდა, დანარჩენი წილის მფლობელი კი რუსი ბიზნესმენი, ალექსანდრ მამუტია. Lenta.ru-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციები საქართველოშიც არა ერთხელ გავრცელდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტში საუბარია Взгляд-ზეც, რომელიც 2005 წელს მოქმედი ლიბერალური გამოცემების საპირწონედ შეიქმნა. MDF-ის განცხადებით, vz.ru-ს ვებსაიტს დღეს კრემლთან დაკავშირებული სოციალური კვლევების ინსტიტუტი ЭИСИ გამოსცემს.

რაც შეეხება Sputnik-ს, იგი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს.

"გამოცემა რუსეთის მთავრობის დადგენილებით 2013 წელს შექმნილ სააგენტო Rossiya Segodnya-ს ეკუთვნის და კრემლისტური დეზინფორმაციები საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა. საქართველოში სპუტნიკი ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა", — აღნიშნულია დოკუმენტში.

Gazeta.ru კი, MDF-ის განცხადებით, Rambler Group-ს ეკუთვნის. ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის 46,5% რუსეთის უდიდეს სახელმწიფოს კონტროლირებულ ბანკს — სბერბანკს ეკუთვნოდა, დანარჩენი წილის მფლობელი კი რუსი ბიზნესმენი, ალექსანდრ მამუტია.

Kp.ru ონლაინ გამოცემა Комсомольская правда-ს საგამომცემლო სახლის მფლობელობაში შედის. კვლევაში ვკითხულობთ, რომ Комсомольская правда გრიგორი ბერეჟკინის საკუთრებაა. ბერეჟკინი რუსი ბიზნესმენია, რომელიც KP-ს გარდა, მასშტაბურ მედიაჰოლდინგს, RBC-საც ფლობს და კრემლთან მჭირდო კავშირები აქვს. MDF-ის თქმით, KP-ს ყოფილი ჟურნალისტი გალინა ზაპოჟნიკოვა ლიეტუვაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

რაც შეეხება EADaily-ის, კვლევის თანახმად, გამოცემა 2015 წელს ბორის სორკინმა დააარსა. სორკინის დაფუძნებულია ცნობილი რუსული მედიასაშუალება Regnum-იც.

"Regnum-ის ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორსა და EADaily-ის კიდევ ერთი დამფუძენებელს ვიგენ აკოპიანს რუსეთ-უკრაინის დროს უკრაინის საწინააღმდეგო ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება", — წერია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ EADaily სხვადასხვა დროს საქართველოს, ბელორუსიისა და ესტონეთის შესახებ ყალბ მტკიცებებს ავრცელებდა.

გამოცემა Aif.ru კი, 1978 წელს დაარსდა და რუსული ბანკის Promsvyazbank-ის მიერ ფინანსდებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს გამოცემა მოსკოვის მთავრობამ შეიძინა. ამჟამად მისი აღმასრულებელი რედაქტორია იგორ ჩერნიაკი, რომელიც აქამდე რუსული სამთავრობო გაზეთის რუსული გაზეთის რედაქტორის მოადგილე იყო.

აღნიშნული ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა ღია საინფორმაციო პარტნიორობის (Open Information Partnership) კვლევითი პროექტის ფარგლებში მოამზადა. 5 ქვეყნის (ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) კვლევითი ორგანიზაციები კრემლის პროპაგანდისტულ ვებსაიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხს სწავლობდა. საქართველოდან კვლევის პროცესში მედიის განვითარების ფონდი მონაწილეობდა.

კვლევის მეთოდოლოგია Open Information Partnership-ის კვლევითი ჯგუფის წევრი 5 ქვეყნისთვის Propastop-ის მიერ შემუშავდა და ის მონიტორინგის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ამ ქვეყნებში მოქმედი კრემლისგან დაფინანსებული მედიის ვებ-საიტებზე Google Ads-ის საშუალებით განთავსებული კომპანიების რეკლამების იდენტიფიცირება ხდებოდა. მეორე ეტაპზე Google-ის რეკლამების მონიტორინგი დამატებით კრემლის პროპაგანდისტულ რუსულენოვან გამოცემებზე ხორციელდებოდა.