მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტები სტუმრების მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალი თვეების განმავლობაშიც.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითვე კომენდანტის საათი დღეიდან 23:00 საათიდან დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება.