საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით საკმაოდ ეფექტიანად წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უშუალოდ მწარმოებლებთან.

"ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის შესახებ დეტალურად რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია ფაიზერის დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ივნის-ივლისის თვეში, დაახლოებით", — განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან, ასევე, თქვა, რომ მოლაპარაკება მილიონ დოზაზე მიმდინარეობს.

"მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სალეტელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური სინოფარმისა და სინოვაკის ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. მოდერნასთან, ასევე, ნოვოვაქსის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ. ასე რომ, არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", — ამბობს პრემიერმინისტრი.