ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გეგა შენგელიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. გადადგომის მიზეზად ის შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა", — ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის თანამდებობას 2019 წლიდან, ამავე წელს ჩატარებული მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იკავებდა.