Tbilisi Pride-მა LGBT უფლებების შესახებ 15 პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო და საერთო დოკუმენტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია ავრცელებს.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად", — ნათქვამია განცხადებაში.

Tbilisi Pride-ს განცხადებით, 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ დისკირმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ამასთან, არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

ხელმომწერი პარტიები არიან:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • გირჩი;
  • ევროპული საქართველო;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • კანონი და სამართალი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • ლელო;
  • რეფორმერი;
  • მოძრაობა დროა;
  • სამართლიანობისთვის;
  • ერთიანი საქართველო;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • პროგრესი და თავისუფლება;
  • გამარჯვებული საქართველო.

15 მაისს, ლგბტქ აქტივისტებმა ინსტალაცია — ფერადი კაბინა წარწერით welcome to the closet დაამონტაჟეს, სადაც ფალავანდიშვილი მივიდა და ინსტალაცია დააზიანა. ის აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

აქტივისტებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თუმცა ფალავანდიშვილი არ დაუკავებია და მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაიყვანა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტმა თქვა, მოგვიანებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განარიდეს თუმცა იქ დარჩა მისი რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებმაც ჰომოფობიური ბანერიც მიიტანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: