ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ექს-პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი და ის ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გააცნობენ. მელიას თქმით, ორივემ უნდა იცოდეს — ერთნაირად ხედავენ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? ამის შესახებ მან კიევში გამგზავრებამდე ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროებაში ისაუბრა.

"მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას. ამ ყველაფერზე იქნება საუბარი, ბუნებრივია. მანაც უნდა იცოდეს და მეც — ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასვხაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ, ისიც ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით", — თქვა მან.

დღეს, 16 მაისს ნიკა მელია კიევში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა. როგორც ენმ-ში On.ge-ს განუცხადეს მელია იქ პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად გაფრინდა.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა.

პარტიის წევრების ცნობით, ამ ეტაპზე ენმ-ში მსჯელობენ იმაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 12 მაისს განაცხადა, პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში "მჭიდრო კონსულტაციები" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.