9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში ხალხის შეკრება 13:30-დან დაიწყო. იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები. დაინახავდით ბავშვებსაც, მათ შორის რამდენიმეს — ჩოხით. ყელზე ჩამოკიდებული ლურჯლენტიანი ბარათით ადვილად გაარჩევდით ორგანიზატორებს. ისინი ხალხში დადიოდნენ და თეთრ ბუშტებსა თუ ამავე ფერის ალმებს არიგებდნენ, წარწერით "ერი", რომელიც ფარის გამოსახულებას ქმნის. ეს ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძის მიერ დაანონსებული პარტიის ლოგოა. ასეთივე ნახატი ჰქონდა საგანგებოდ დარიგებულ თეთრ პირბადეებსაც, რომელსაც ბაღში მისულების ნაწილი დანიშნულებისამებრ იყენებდა, ნაწილს კი პირიქით — მხოლოდ პირს უფარავდა ან სულაც ხელზე, სამაჯურივით ეკეთა.

აქა-იქ დაინახავდით სასულიერო პირებსაც და ხატებს, მაღლა აღმართულ ხელებში. იყო სახელმწიფო დროშებიც — როგორც მოქმედი, ასევე, ძველი.

დინამიკებში კლასიკური მუსიკა ისმოდა. მწველი მზისგან დასაცავად თავს ხეების ჩრდილს აფარებდნენ. რამდენიმე ქალი უფრო თადარიგიანი აღმოჩნდა და ქოლგით იყო მოსული.

ფოტო: On.ge

თავად ვასაძე ბაღში 14:00 საათის შემდეგ მოვიდა, თუმცა ამჯერად "ჯვარკომბალას" გარეშე. დამშრალი ფანტანების ლაბირინთებში, ხალხისა და ჟურნალისტების მასაში გზა დაცვის დახმარებით გაიკვლია. პროცესში იყო ხელის ჩამორთმევებიც და ფოტოებიც.

სცენაზე ასვლის შემდეგ ვასაძემ თავისი მრავალშვილიანი ოჯახი წარადგინა. დამსწრეებისგან ისმოდა ფრაზები: "ღმერთმა გაგიზარდოს", "უფალმა დაგლოცოს". მან 8 შვილზე დეტალურად ისაუბრა, თუმცა ცოლის შემთხვევაში მხოლოდ სახელისა და გვარის დასახელებით შემოიფარგლა. უკვე წარდგენის შემდეგ კი ოჯახს უთხრა, რომ შეუძლიათ მზეში დგომა შეწყვიტონ და ჩრდილში გადავიდნენ.

სცენასა და ხალხს შორის რკინის ჯებირები შეხვედრის დაწყებამდე აღმართეს. შეკრებილები სწორედ ამ ჯებირების მიღმა იდგნენ და ვასაძის განცხადებებს ერთ საათზე მეტხანს უსმენდნენ. თავად ვასაძე კმაყოფილებას გამოხატავდა, რომ შეკრებისკენ მის მოწოდებას "საოცარი გამოხმაურება" მოჰყვა.

ფოტო: On.ge

მზე საკმაოდ მწველი აღმოჩნდა და გარკვეული დროის შემდეგ მოქალაქეებმა ისევ ჩრდილის ძებნა დაიწყეს, თუმცა ისე, რომ სცენასთან კვლავ ახლოს დარჩნენ. ჩრდილთან ერთად, მათი დამხმარე იქვე დამონტაჟებული სასმელი წყლის ფანტანი აღმოჩნდა, რომლითაც ხან წყურვილს იკლავდნენ, ხანაც სახისა და კისრის გაგრილებას ცდილობდნენ. საუბრისას წყურვილმა შეაწუხა ვასაძეც, რის შემდეგაც დაცვის წევრმა შესაშური სისწრაფით აირბინა კიბეები და ნახევარლიტრიანი ბოთლიც მალევე გადასცა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი სცენაზე ყოფნისას ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა საკითხს შეეხო, თან ისე, რომ განცხადებებს საქართველოსა და ხალხის სახელით აკეთებდა.

"ჩვენს ქვეყანაში რაღაცა ფუნდამენტურად არასწორი ხდება — ვიყავით 5-ზე მეტი მილიონი და დავრჩით სამ-ნახევარი" — ეს ფრაზა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა სიტყვის დაწყებიდან მალევე თქვა და მოაყოლა ნარკომანიის, ლუდომანიის პრობლემა, შემდეგ კი დანანებით აღნიშნა, რომ საქართველოში მხოლოდ 18 000 სპორტსმენია, თუმცა ამ სტატისტიკის წყარო არ დაუსახელებია.

ვასაძის განცხადებით, ხალხი არის სიღატაკეში, ქვეყანაში გამეფებულია უსამართლობის, დაუსჯელობის, ხელისუფლების უხერხემლობის და "ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ღირსების, ჩვენი ფასეულობებისადმი აგდებული დამოკიდებულება, რაც ყოვლად დაუშვებელია თითოეული ჩვენგანისთვის".

ამის შემდეგ, ვასაძემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში "უცხოელების" ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, რაც, ცხადია, ტყუილია. თან ამ განცხადებებს ის არ აკეთებდა მხოლოდ საკუთარი სახელით, მთელი შეხვედრის განმავლობაში ამბობდა სიტყვას "ჩვენ", რომელშიც, ნათლად ჩანდა, რომ არამხოლოდ იქ შეკრებილ ხალხს მოიაზრებდა, არამედ ადამიანთა დიდ ჯგუფს, შეიძლება მთელ საქართველოსაც, თუმცა უცნობია, რის საფუძველზე.

"ქვეყანას აღარა ჰყავს პატრონი, კაცო", — თქვა მან.

კაცმა, რომელიც ლიბერალიზმს ებრძვის და მტრად წარმოგვიჩენს, სიტყვით გამოსვლის დროს არაერთხელ ახსენა ილია ჭავჭავაძე — კაცი, რომელიც კლასიკური ლიბერალი იყო.

ფოტო: On.ge

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა გააკრიტიკა მრავალპარტიული პარლამენტის იდეა და აღნიშნა, რომ "პარტიული აჯაფსანდალი მიიყვანს ქვეყანას კრიზისამდე".

მან შარლ მიშელის დოკუმენტს "აბსოლუტური კატასტროფა" უწოდა და გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აქვს ვალდებულება, ყველა ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმოს.

გარდა ამისა, ვასაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადა, "ერთიანობით და სიამტკბილობით" დაარტყეს "ვითომ" ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ძალებმა. მან მხარდამჭერები გააფრთხილა, რომ უახლოეს პერიოდში მის შესახებ უამრავ რამეს მოუყვებიან, რომელთაგან ზოგი მტკნარი სიცრუე იქნება, ზოგი კი სიმართლეში გადაზელილი სიცრუე.

მან რამდენჯერმე თქვა, რომ არც ტურიზმის წინააღმდეგია, არც ინვესტიციების და არც უცხოელების ჩამოსვლისა თუ მუშაობის, თუმცა დაამატა, რომ "არა ქართველი ხალხისა და ქართული ინტერესების ხარჯზე, მეგობრებო". უცნობია, რაში უშლის ხელს ინვესტიციები და უცხოელების დასაქმება ქართველი ხალხის ინტერესებს და ალბათ, ვერც იქნება ცნობილი, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ გაძლიერებას ემსახურება.

მან ადგილობრივი წარმოების წერტილოვანი, "ჭკვიანი პროტექციონიზმი" მოითხოვა და არა "ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს".

ვასაძის თქმით, მისი "დანაშაული" იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს, თუმცა ამ ბრალდებების მიუხედავად, აპირებს გააგრძელოს თავისი საქმიანობა, როგორც "გამწარებულმა პრაგმატიკოსმა".

მან ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტიც მოითხოვა და სალომე ზურაბიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თან ხაზი გაუსვა, "ქალბატონი და პრეზიდენტი ბრძანდებით" და ზრდილობის ფარგლებში მოგმართავთო. ვასაძის თქმით, ესმის, რომ პრეზიდენტს "ბევრი არაფრის უფლება" აქვს, მაგრამ მისი აზრით, ამის ფარგლებშიც არაერთხელ გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც "არცხვენს" ქართველი ხალხის ღირსებას და სახელმწიფოს. თუმცა მაგალითად მან მხოლოდ "კრიმინალების" ციხიდან გამოშვება დაასახელა.

გავიგეთ ისიც, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა რთულად ესახება, რადგან "ელიტა კაფსულაშია მოქცეული" და შორს დგას ხალხის ინტერესებისგან.

რაც შეეხება პანდემიას, ლევან ვასაძის თქმით, დამოუკიდებლად იმისგან, ვინ რას ფიქრობს — "ბუნებრივად გაჩნდა ეს უბედურება ვირუსი თუ ხელოვნურად შექმნეს ის" და დამოუკიდებლად იმისგან, "რას ვფიქრობთ ჩვენ, ძალით გამოუშვეს ეს ჯანდაბა თუ შემთხვევით გამოექცათ რაღაცა ლაბორატორიიდან", ის შეკრებილებს მის, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციას გაუზიარებს.

პოზიცია კი ასეთია — "სიგიჟეა უარყოფა იმისა, რომ ეს ვირუსი არსებობს და კლავს ხალხს", თუმცა ის მიიჩნევს, რომ შედეგები ხალხის დაშინების მიზნით "გაბუქებულია". პანდემიის მიმართულებით მთავრობის საქმიანობას ვასაძე "უნიჭო მენეჯმენტს" უწოდებს. მან შეკრებილებს მოუწოდა, ხანდაზმული ადამიანები საფრთხეს გაარიდონ, ხოლო დანარჩენებმა "ხელები დაიკაპიწონ" და გააგრძელონ ქვეყნის "აღმშენებლობა".

ფოტო: On.ge

მისი თქმით, უნდა გავაცალკეოთ რეალური საფრთხე და "მაიმუნური, ხშირ შემთხვევაში სრულიად უაზრო შეზღუდვები". ვასაძე აღნიშნავს, რომ ღია სივრცეში ნიღბის ტარების დაძალება "ირაციონალურია" და რომ კომენდანტის საათი "ამოვიდა ყელში".

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერი ისე დამაჯერებლად იმეორებს, რომ არ უნდა ხდებოდეს იძულება, თითქოს ან იძულების სურვილი აქვს ვინმეს, ან ქვეყანაში ამისთვის საკმარისი ვაქცინა არის. თუმცა მან თქვა ისიც, რომ აცრის "კატეგორიული წინააღმდეგი" არ არის და "რამე ცოდვა" რომ ყოფილიყო, სინოდი ამას გვეტყოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ლევან ვასაძემ ისაუბრა, ნამახვანჰესია. ის ამტკიცებს, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების დოკუმენტს გაეცნო და ამ მფლობელობით, ამ ფორმით ჰესი არ აშენდება.

"ჩვენ არ ავაშენებინებთ, გინდა ახტნენ, გინდა დახტნენ, ეს გამორიცხულია".

მისივე თქმით, თუ აშენდება რამე ჰესი, ეს შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივებთან, ასევე, ვასაძის აზრით, გამოსავალია საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდეს.

"ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ხალხს, ვინც ამდენი თვეა გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თქვა რა ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა, არ გვინდა პოლიტიკურში გადასვლა, ხეობას ვიცავთო, მე ვეცი პატივი და აღარ შევაწუხე ეს კაი ხალხი ჩემი იქ ჩასვლით, რომ ვიღაცას არ ეფიქრა, ჩამოვიდა და გაიჯგიმაო".

ლევან ვასაძემ შეკრებილებს 23 მაისს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ოჯახებით გამოსვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თავადაც აპირებს მისვლას, მაგრამ არა როგორც "საზოგადო მოღვაწე" ან პოლიტიკოსი, არამედ, როგორც "რიგითი მოქალაქე" და უკანა რიგებში დადგება.

ფოტო: On.ge

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ჰქონდა თურქეთის ელჩთან, თუმცა საუბარი ეხებოდა არამხოლოდ ნამახვანჰესს, არამედ "უფართოეს თემას გეოპოლიტიკისა". ვასაძის განცხადებით, მიეცა საშუალება, თავისი ხედვა მკაფიოდ დაეფიქსირებინა და მოეჩვენა, რომ ელჩი ამას გაგებითა და პატივისცემით მოეკიდა.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, პრორუსული ძალის ლიდერმა ჯერ ამერიკის პრეზიდენტის, კენედის სიტყვების ციტირება დაიწყო, მოგვიანებით კი, მარტინ ლუთერ კინგსაც დაესესხა და თქვა, რომ "I Have A dream"-ს სხვაგვარად თარგმნის და ამბობს არა ოცნებას, არამედ ნატვრას. მანვე გაგვაცნო, რა ნატვრა აქვს.

"მე მაქვს ნატვრა საქართველოსი, რომელშიც ბავშვი აღარ დადის მშიერი, ადამიანი აღარ დადის ღირსებააყრილი, აღარ არის წაგლეჯილი ტერიტორიები, ყველა ჩვენი თანამოძმე და თანამემამულე დაბრუნებულია სახლში და მშვიდობიანად ცხოვრობს ჩვენს ძმებთან, ოსებთან და ჩვენს ძმებთან, აფსუებთან ერთად. მე მაქვს ნატვრა, სადაც გიგანტური ჩრიდილოელი მეზობელი მტერი კი აღარ არის, მეზობელი გახდა, იმიტომ რომ გაგვაკეთებინა ეს. მე მაქვს ნატვრა იმ საქართველოსი, სადაც ჩვენ არა ვართ არც დასავლეთის და არც ევროპის მტრები და ჩვენი ქვეყანა გადაქცეულია არა ბრძოლის ველად გიგანტური იმპერიების ერთმანეთში დაჯახებისა, არამედ ოაზისად მათი ცივილიზებული თანამშრომლებისა".

ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაბადების დღიდან არის მხოლოდ ერთი ქვეყნის — საქართველოს აგენტი და ეს ასე იქნება "ბოლო ამოსუნთქვამდე".

როგორც მოსალოდნელი იყო, არც ამ შეხვედრას ჩაუვლია ჰომოფობიის გარეშე. ვასაძემ თქვა, რომ არ უნდა დავუშვათ "ცოდვის ნორმალიზაცია და მით უმეტეს, ზეიმი".

მან And Then We Danced-ის პრემიერა და მანამდე განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და რამდენჯერმე სიამაყით თქვა, რომ ყველაფერი ისე გააკეთეს, "თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნილა არავის თავიდან".

ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი უკმაყოფილოა, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩებში ჯვარკომბალათი დადიოდა, ქამრებით და კომბლებით ძალადობით იმუქრებოდა და ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებაში ხელს უშლიდა, "ბრენდირებული მოძალადე" გახდა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ხალხს მათთან ერთად დგომის შერცხვეს.

ლევან ვასაძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ რადგან გვგონია, ის არის "შფოთის თავი", წელს არაფრის ორგანიზებაში არ ჩაერევა და "ნახავთ, რომ ხალხი გაგცემთ პასუხს".

"მიგაჩნიათ, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ, იძახეთ, რომ მოძალადე ვარ", — თქვა მან, თუმცა უცნობია, რა არის ის, რის ჩატარებასაც ამჯერად ებრძვის ვასაძე, რადგან წელს ლგბტქ თემს საჯარო აქტივობები დაგეგმილი არ აქვს.

ფოტო: On.ge

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის განცხადებით, იმ საქართველოში, რომელსაც "ისინი" ააშენებენ, ყოველ წელს აღარ მოუწევთ ნერვიულობა "ასეთ სისულელეებზე" და აიკრძალება "გაყვნილების პროპაგანდა".

ზოგადად, იმ საქართველოში, რომელსაც ვასაძე "ააშენებს", გამოხატვის თავისუფლებას და არამარტო, დიდი საფრთხე ექმნება.

"იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება მკაცრი რეგულაციები მასმედიაზე, რათა სიტყვის თავისუფლება, რომლის მომხრეც ვარ მე, არავის აერიოს უპასუხისმგებლობაში, შეურაცხყოფაში, დაცინვაში და ცილისწამებაში ქართველი ხალხისა.

იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, არავის ექნება უფლება შუღლი გააღვივოს რელიგიებს, ეროვნებებს შორის და დასცინოს და შეურაცხყოს დედა ეკლესია და სხვა ტრადიციული რელიგიური დენომინაციები ჩვენი ქვეყნის".

ამ სიტყვების ბოლოს ვასაძემ მედიასა და პოლიტიკოსებს მიმართა, ხომ ხედავთ, რამდენს "გითმენთ" და სანამ ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს მივაღწევ, ამ "უბედურ საქმიანობას" მოეშვითო.

"მოგმართავთ პოლიტიკოსებო, მასმედიის წარმომადგენლებო, ხომ ხედავთ, რამდენს გითმენთ, რამდენ ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ვცდილობ არასოდეს გიპასუხოთ პირადზე. მოეშვით რა ამ უბედურ საქმიანობას".

ხანგრძლივი გამოსვლა ვასაძემ მირზა გელოვანის ლექსით დაასრულა, რასაც დამსწრეთა ტაში და ფრაზები: "გაიხარე შვილო, გაიხარე" მოჰყვა.

სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ 9 აპრილის ბაღს დაცვითა და მედიით გარშემორტყმულმა კიდევ ერთხელ დაარტყა წრე და ხალხს მიესალმა, მადლობა გადაუხადა, ფოტოებიც გადაიღო. რამდენიმე ადამიანმა ჰკითხა, სად იქნება პარტიის ოფისი, თუმცა ამაზე ზუსტი პასუხი არ გაუცია და უთხრა, რომ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბოლოს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ოპერატორების შეძახილებს, სახით კამერისკენ ყოფილიყო, უპასუხა, რომ სულ ავიწყდება და ამ საკითხში "ჯერ არიფია".

ფოტო: On.ge

კითხვები მეტწილად იმ თემებს ეხებოდა, რაზეც სცენაზე ყოფნისას ისაუბრა და ახალი არც არაფერი უთქვამს. ყველა ჟურნალისტის კითხვას მოსდევდა ვასაძის რეპლიკა: "რა გქვიათ თქვენა?", სახელის გაგების შემდეგ კი — "გენაცვალე". მედიასთან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრა და ამ დროში მოასწრო საელჩოების კრიტიკა ლგბტქ თემის მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით ნაწყენი ჩანდა ამერიკის საელჩოსგან. თქვა, რომ "ჩვენ" ამ ქვეყნებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვსურს, რაც ტრადიციების პატივისცემას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არის ქართული ტრადიცია "ჰომოფობია" და რატომ უნდა სცეს ამას პატივი ვინმემ.

On.ge-ს კითხვას, რის საფუძველზე საუბრობს მთელი ქვეყნის სახელით და რატომ ჰქონია, რომ მოსახლეობა აუცილებლად მის აზრზეა, ლევან ვასაძემ ასე უპასუხა:

"არავითარი ამპარტავნება და კადნიერება, რომ ქართველი ხალხის სახელით შემიძლია ვისაუბრო, მე არ გამაჩნია. მიმაჩნია, რომ მე ვარ ნაწილი ქართველი ხალხისა, კულტურისა, ცივილიზაციისა, შვილი ჩვენი ერისა".

მას მედიასთან დაკავშირებით შეზღუდვების იდეის განმარტება კიდევ ერთხელ მოუწია და დაგვამშვიდა, რომ მას შეზღუდვა კი არ სურს, არამედ აპირებს დაგვეხმაროს "გავთავისუფლდეთ ქაოსისგან".

9 აპრილის ბაღი ლევან ვასაძის ღონისძიებისგან დაახლოებით სამ საათში გათავისუფლდა.