Glovo-ს კურიერებმა თბილისში აქცია გამართეს. ისინი იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც კომპანიაში განხორციელდა. მათ შორის, საუბრობენ საბონუსე სისტემასა და საათების შემცირებაზე.

"როგორც წინა აქცია, დღევანდელი პროტესტი არ დაწყებულა პირდაპირ ქუჩით, ჩვენ კონსულტაციებს რაღაც პერიოდია ვახორციელებთ უკვე ოფისთან, თუმცა მათ შემოთავაზებული ის რადიკალური ფინანსური ცვლილებები. კურიერების შეფასებით, ეს ჩვენთვის შეამცირებს შემოსავლებს, რამაც განაპირობა პროტესტი. ჩვენ ვცდილობდით, მოლაპარაკებას, თუმცა კომპანიისგან ხელჩასაჭიდი არაფერი არ მიგვიღია", — განუცახდა ერთ-ერთმა კურიერმა TV პირველს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი კურიერის განცხადებით, შეუმცირდათ ბონუსები, რაც მათთვის მოტივაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო.

"ასევე, თვითონ ტარიფები დაგვაკლეს. ამავდროულად, საათები შეგვიმცირეს, ანუ იმ დროს ვეღარ ავირჩევთ, რაც გვსურს და შესაბამისად, ჩვენი ანაზღარურება დაიკლებს საგრძნობლად", — განაცხადა მან.

Glovo-ს განცხადებით, "პარტნიორ კურიერებთან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად", ანაზღაურების ახალი სისტემა შეიმუშავეს. ცვლილებები შეეხო საბონუსე სისტემას.

"ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება", — ნათქვამია Glovo-ს განცხადებაში.

მათივე თქმით, ცვლილებები შეეხო ასანაზღაურებელ მანძილსაც. კერძოდ, კომპანიის განცხადებით, არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით კი, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი.

"თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2,3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის, პარტნიორი კურიერები 0,4 ლარის ნაცვლად, 0,5 ლარს გამოიმუშავებენ", — აცხადებენ კომპანიაში.

Glovo-ს განცხადებით, შეიცვალა ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური საათების რაოდენობაც. მათი ინფორმაციით, აქამდე, კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით, ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება.

"აღნიშნული ცვლილებების მიზანია Glovo-ს ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება და პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, მეტად დაცული იქნება თითოეული პარტნიორი კურიერის უსაფრთხოება და მათ საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ სახელფასო დანამატი",— აღნიშნავენ Glovo-ში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Glovo-ს კურიერებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. 29 აპრილს მათ პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს და კომპანიის სათაო ოფისის წინ შეიკრიბნენ.