ყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის ასელ აიტპაევას საქმეზე ყაზახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი საქართველოშიც წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ყაზახური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიება ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს. მედიის განცხადებით, პოლიციამ გამოძიება გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნულზე On.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, რომ ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობენ

"ყაზახურ მხარესთან ვთანამშრომლობთ და ახლა პროცესია სისხლის სამართლის მასალების გადაცემის", — აცხადებენ პროკურატურაში.

მიმდინარე წლის 7 მაისს ასელ აიტპაევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალი წარედგინა კაცს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ამასთან, 14 მაისს პროკურატურამ გაუპატიურების ბრალდება მეირბეკოვსაც წაუყენა.