საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ცნობით, ქუთაისში ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღკვეთეს. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, მიიღეს შეტყობინება, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

"მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი", — აცხადებენ საგანგებოში.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი, ხოლო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.