ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკნაოიძის განცხადებით, პარტიის პარლამენტში შესვლაზე მისი პოზიციაა, რომ ეს ბერკეტი გამოიყენონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვერ გეტყვით, საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული, პრაქტიკულად ყველა ადამიანის პოზიცია ნაწილობრივ, ცნობილია. ძალიან ბევრი რამის აწონ-დაწონვა გვიწევს. ჩემი პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩამოყალიბებული, რომ ჩემმა პარტიამ უნდა გამოიყენოს ეს ბერკეტი, იმიტომ, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის და ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობაზე უნდა შევიდეთ ძლიერად და არა რაღაც კონკრეტული ინსტრუმენტების ნაკლოვანებით", — თქვა მან.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა. პარტიის წევრების ცნობით, ამ ეტაპზე ენმ-ში მსჯელობენ იმაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 12 მაისს განაცხადა, პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში "მჭიდრო კონსულტაციები" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.