ევროპული საქართველო დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტებზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ ამ და სხვა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

"წლების განმავლობაში, ხელისუფლება მოძალადე ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ დაუსჯელად ემოქმედათ. დაუსჯელობასთან ერთად, მთავრობა პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებდა და ახალისებდა კიდეც ამგვარ დაჯგუფებებს. ამის გამო, ლგბტქ თემს დღემდე არ შეუძლია სრულყოფილად ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით. ამ თემის წარმომადგენლებისა და მათი უფლებების დამცველთა ფიზიკური უსაფრთხოებაც კი პრაქტიკულად არ არის დაცული. თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლების დაცვა მთელი საზოგადოების მორალური ვალდებულებაა. ამასთან ერთად, აშკარაა, რომ ამ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევნის საწინააღმდეგოდ იყენებს პუტინის რუსეთის პროპაგანდა. რუსულმა ფაშიზმმა და სიძულვილით მოტივირებულმა მოძალადეთა ჯგუფებმა საქართველოში ვერ უნდა გაიმარჯვონ", — აცხადებენ პარტიაში.

15 მაისს, ლგბტქ აქტივისტებმა ინსტალაცია — ფერადი კაბინა წარწერით welcome to the closet დაამონტაჟეს, სადაც ფალავანდიშვილი მივიდა და ინსტალაცია დააზიანა. ის აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

აქტივისტებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თუმცა ფალავანდიშვილი არ დაუკავებია და მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაიყვანა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტმა თქვა, მოგვიანებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განარიდეს თუმცა იქ დარჩა მისი რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებმაც ჰომოფობიური ბანერიც მიიტანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.