დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს სინოფრამის 100 000 დოზას აჩუქებენ, ხოლო 500 000 დოზას ქვეყანა შეიძენს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, ასევე გიდასტურებთ, რომ დიახ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სინოფარმის ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა", — აცხადებს გამყრელიძე.

რაც შეეხება კიდევ ერთ ვაქცინას, სინოვაკს, რომელიც საქართველოში უკვე შემოსულია, იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მისი მოხმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს. ამირან გამყრელიძის თქმით, სინოვაკი WHO-ს ჯანმოს ავტორიზაციისთვის საბოლოო ფაზაში იმყოფება და დიდი ალბათობით, მაისში მიიღებს კიდეც.

15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 85 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. ამასთან, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ სინოფრამი, რომელზე მოთხოვნაც მაღალია, თუმცა მარაგი შეზღუდულია. 45+ ადამიანებს აცრა ასტრაზენეკათიც შეუძლიათ. რაც შეეხება ფაიზერს, ეს ვაქცინა, ფაქტობრივად, ქვეყანაში აღარ არის და იცრებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც პირველი დოზა უკვე გაიკეთა.