ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მაის-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ. უწყების ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან — ავიაკომპანია Flynas საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

ამასთან, სამინისტროში ამბობენ, რომ ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines ვარშავა-ბათუმი-ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით.

რაც შეეხება კახაზეთს, ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს ავიაკომპანია ეარ ასტანამ პირველი რეისი შეასრულა და განაახლა რეგულარული რეისები ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით. სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები კვირაში 3 სიხშირით — ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

"ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75,7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს", — აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია და მისი "აღორძინება" ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია.

"პანდემიამ ეს დარგი ყველაზე მეტად დააზარალა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწორი მარკეტინგით, მიზნობრივი პროგრამებითა და მასობრივი ვაქცინაციით, ხელი შევუწყოთ დარგის აღორძინებას", — აღნიშნა თურნავამ.