ერთ-ერთ პარკში, სადაც ლგბტქ აქტივისტებმა ინსტალაცია — ფერადი კაბინა წარწერით welcome to the closet დაამონტაჟეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი მივიდა და ინსტალაცია დააზიანა. ის აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.

აქტივისტებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თუმცა ფალავანდიშვილი არ დაუკავებია და მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაიყვანა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი იტყობინება, მოგვიანებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განარიდეს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა ის. ამასთან, როგორც იქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, ადგილზე რჩება ფალავანდიშვილის 3-4 მხარდამჭერი, თუმცა პოლიცია ინსტალაციასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. დეტალებზე პასუხს შსს-სგან ველოდებით.

ორგანიზაცია თბილისი პრაიდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავონ გურამ ფალავანდიშვილი და დაიცვან დამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.