ცოტა ხნის წინ ნიკელოდეონის სერიალის, iCarly-ის მსახიობებმა კოლეგის, მირანდა კოსგროუვის დაბადების დღე აღნიშნეს. იუბილეს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია: მსახიობმა ტორტის გაჭრისას iCarly-ის პრემიერის თარიღი აღმოაჩინა. როგორც ვიდეოდან შევიტყვეთ, სერიალი 17 ივნისს, Paramount+ზე დაბრუნდება.

13-ეპიზოდიანი სეზონი გვაჩვენებს, როგორ მიდის გმირების ცხოვრება 10 წლის შემდეგ. კარლი შეი, რომლის როლსაც მირანდა კოსგროუვი ასრულებს, მეგობრებთან ერთად ცდილობს, გაუმკლავდეს სამსახურს, სასიყვარულო ურთიერთობებს და პრობლემებს, რომლებსაც ყველა 20+ ასაკის ადამიანი აწყდება. ჯერი ტრეინორი და ნათან კრესი სპენსერ შეისა და ფრედი ბენსონის როლებს ისევ შეასრულებენ. სამსახიობო შემადგენლობას ორი ახალი წევრიც დაემატება: ლეისი მოუსლი (ჰარპერის როლში) და ჯეიდან ტრიპლეტი (მილიცენტი). ჰარპერი კარლის რუმმეითი და საუკეთესო მეგობარია, მილიცენტი კი ფრედის გერია, რომელიც სოციალურ მედიაში კარგად ერკვევა.

iCarly ნიკელოდეონზე 2007 წლიდან 2012 წლამდე გადიოდა. სერიალმა რეკორდი მაყურებლების რაოდენობით რამდენჯერმე მოხსნა.