ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე ამბობს, რომ როდესაც ადამიანი მერყეობს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას მან პალიტრანიუსთან თქვა, რომ "პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანური სიმტკიცე, რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად".

"ეს ყველას არ გამოსდის... სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხსა და ქვეყანას. ეს უნარ-ჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა გადაცემა 360 გრადუსში.

წამყვანის კითხვაზე — გიორგი გახარიას არ ეყო თუ არა მტკიცე ნებისყოფა? ოხანაშვილმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს ფაქტია".

"ფაქტია ის, რომ როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას აყენებს და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო? აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის", — თქვა უმრავლეობის წევრმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ გახარიას გუნდს პარლამენტში ფრაქცია არ აქვს და სამართლებრივად ვერც შექმნიან.