ბოლო ერთი კვირაა მსოფლიოს ყურადღება ისრაელსა და პალესტინისკენაა მიმართული, სადაც სამხედრო დაპირისპირება ყოველდღიურად სულ უფრო იძაბება. მსგავსი ტიპის ესკალაცია ისრაელსა და პალესტინას შორის 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა.

დაძაბულობაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც. რუსეთში კი სკოლაზე თავდასხმის შედეგად მოსწავლეები დაიღუპნენ.

დაპირისპირება ისრაელსა და ღაზის სექტორში

ფოტო: AP Photo/Hatem Moussa

უკვე რამდენიმე დღეა ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია. ჰამასი ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრის. საპასუხო იერიშს ახორციელებს ისრაელიც.

თავდაპირველად შეტაკებები 7 მაისს, პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაიწყო. სიტუაცია დაიძაბა შეიხ ჯარას რაიონში, სადაც ათეულობით პალესტინელი ოჯახი ცხოვრობს და ახლა გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას.

მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, 10 მაისს პალესტინურმა ისლამურმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა. მათ ისრაელი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეჩეთისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიას საღამოს 6 საათისთვის არ დატოვებდნენ, თავდასხმას განახორციელებდნენ.

ულტიმატუმის პირობები ისრაელს არ შეუსრულებია, რის შემდეგაც ღაზის სექტორმა იერუსალიმის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა. რაკეტები გაუშვა დაჯგუფება ისლამურმა ჯიჰადმაც.

ამის შემდეგ ღაზის სექტორი და ისრაელის ქალაქები ყოველდღიურად იბომბება. 13 მაისის ღამეს კი პალესტინის მიმართულებით ისრაელმა საჰაერო და სახმელეთო სპეცოპერაცია ჩაატარა.

15 მაისს, ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, განადგურდა მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მედიის, მათ შორის, Associated Press-ისა და Al Jazeera-ს ოფისები. ისრაელის განცხადებით, ჰამასი მედიის ოფისებს ცოცხალ ფარად იყენებს და კორპუსში განთავსებულია სამხედრო დაზვერვის საშუალებები, რომელიც ჰამასს ეკუთვნის. მათივე თქმით, სამოქალაქო პირები ევაკუაციის შესაძლებლობის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

გაერთიანებულ სამეფოში ლგბტქ ადამიანების "გარდაქმნის თერაპია" აიკრძალება

ფოტო: Getty Images

გაერთიანებულ სამეფოში გეი ადამიანების ე.წ. გარდაქმნის თერაპიის აკრძალვასა და ლგბტქ თემისთვის მხარდასაჭერი საშუალებების გაზრდას გეგმავენ. ეს ქვეყნის მთავრობის პოსტპანდემიურ გეგმაში მოიაზრება.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მეთაურობით, მთავრობა აცხადებს, რომ დაგეგმილი ღონისძიებებით "იმ საზარელ პრაქტიკას მოეღება ბოლო, რომელსაც ადამიანებისთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიყენება შეუძლია". გეგმის სისრულეში მოსაყვანად, დაიწყება კონსულტაციები ძალდატანებითი პროცედურის აკრძალვისა და ადამიანების დაცვისთვის საუკეთესო გზის მოსაძებნად.

აშშ-ში 2 დოზით ვაქცინირებულებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ფოტო: Getty Images

ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid-19-ზე ორი დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა აღარ მოუწევთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, შემსუბუქება როგორც ღია სივრცეში, ასევე დახურული სივრცის უმეტეს ადგილებში იმოქმედებს — გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს ფედერალური, შტატების, ადგილობრივი ან ტერიტორიული კანონები, წესები და რეგულაციები, ადგილობრივი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების მითითებების ჩათვლით.

რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა

ფოტო: TASS

რუსეთის მთავრობამ "არამეგობარი ქვეყნების" სია დაამტკიცა, რომელშიც აშშ და ჩეხეთი შევიდნენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს ორი ქვეყანა "არამეგობრულ ნაბიჯებს" დგამს. სიაში მოხვედრა, პირველ რიგში, პერსონალზე აისახება — რუსეთში სიაში მყოფი ქვეყნების საელჩოებს ადგილობრივების სამსახურში აყვანა შეეზღუდებათ.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერმინისტრი მიხეილ მიშუსტინი აწერს ხელს, ჩეხეთის საელჩოს ნება დართეს სამსახურში რუსეთში მყოფი 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს საელჩო კი ვერც ერთს ვერ აიყვანს.

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა

ფოტო: Getty Images

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ და მისმა თანამოაზრე "მწვანეებმა" გაიმარჯვეს. ჯამში ისინი 129 ადგილიდან 72-ს მიიღებენ.

პარტიის ლიდერი, ნიკოლა სტერჯენი, რომელიც შოტლანდიის მთავრობას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის რეფერენდუმისთვის იბრძოლებს.

შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა და მაშინ მოსახლეობის უმრავლესობამ დარჩენას დაუჭირა მხარი. 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების რეფერენდუმის ჩატარდა და მოქალაქეებმა ბრექსიტს დაუჭირეს მხარი, თუუმცა შოტლანდია ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. ამის შემდეგ შოტლანდიაში განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სკოლას თავს დაესხნენ

ფოტო: BBC

11 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად 7 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.

თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 19 წლის ილნაზ გალიავიევი. გამოძიების ინფორმაციით, გალიაევი სკოლამდე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა და სროლა ჯერ კიდევ ქუჩაში დაიწყო. რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერ უცნობია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა ის სკოლა დაამთავრა, რომელსაც თავს დაესხა. ის კოლეჯში სწავლობდა, თუმცა თანხის გადაუხდელობის გამო გარიცხეს.

სომხეთი აზერბაიჯანს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ფოტო: რადიო თავისუფლება

ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს სომხეთის საზღვრების დარღვევაში ადანაშაულებს. სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 12 მაისის შემდეგ სიუნიქის და გეღარქუნიქის უკანონოდ გადაადგილდებიან. ამის თაობაზე ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციასა და რუსეთს მიმართა.

ბაქოში აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს იკავებენ, რომელიც არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და რელიეფის გამო აქამდე ხელმიუწვდომელი იყო.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შედეგის გარეშე.